გიორგი ვაშაძემ მარნეულში პარტიის ოფისი გახსნა და მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

გიორგი ვაშაძემ მარნეულში პარტიის ოფისი გახსნა და მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

"სახელმწიფო ხალხისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და პარტიის სხვა წევრებმა, მარნეულში მორიგი ოფისი გახსნეს და მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” მოძრაობიდან ”სახელმწიფო ხალხისთვის” აცნობეს, ადგილობრივებმა იმ საკითხებზე ისაუბრეს, რაც მათ ყველაზე მეტად აწუხებთ. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დასაქმებისა და გაზიფიცირების პრობლემები მარნეულში ყველაზე მწვავდედ დგას. შეხვედრაზე მოსახლეობამ საკუთარი უკმაყოფილება გამოხატა ამ პრობლემების მოუგვარებლობის გამო.

გიორგი ვაშაძემ შეკრებილებთან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ახლად შექმნილი გაერთიანება მოტივირებულია აკეთოს საქმე.

"რაიონში არის უამრავი პრობლემა.ერთადერთი რაც უნდა, ესაა ამ პრობლემების გულთან მიტანა და მათი მოგვარება. წარმოიდგინეთ, ყველაზე დიდი სოფლები არ არის გაზიფიცირებული, წყალმომარაგების სისტემის პრობლემა არის და ერთადერთი, რასაც ითხოვს ეს ხალხი არის სტანდარტული პირობებოს შექმნა, რაც არის თუნდაც სხვა რაიონებში და რაც უნდა იყოს ნორმალურ პირობებში", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მოსახლეობას სიტყვით პაატა ბურჭულაძის მრჩეველმა ეთნიკურ საკითხებში აგიტ მირზოევმაც მიმართა. როგორც მან აღნიშნა, ის კარგად იცნობს აღნიშნულ რეგიონს და იმ პრობლემებს რაც მოსახლეობას აწუხებს.

"ჩვენ შევხვდით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, ჩვენ ვიცით შესანიშნავად მათი პრობლემები, ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი გამოცდილება ამ რეგიონში მუშაობის და ჩვენ შევქმენით პროგრამა, რომელიც ეფუძნება იმ რეალობას, იმ გამოწვევებს და საჭიროებებს, რომელიც ადგილზე არსებობს. რაც მთავარია, ეს არის სამოქალაქო თვითრეალიზაცია", - განაცხადა აგიტ მირზოევმა, რომლის კომენტარსაც მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის” ავრცელებს.