პრემიერი:  ვგმობთ ტერორიზმს - საუკუნის ბოროტებას, რომელიც ემუქრება მშვიდობისმოყვარე ხალხს

პრემიერი: ვგმობთ ტერორიზმს - საუკუნის ბოროტებას, რომელიც ემუქრება მშვიდობისმოყვარე ხალხს

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

პერმიერი იმედოვნებს, რომ მსოფლიო თანამეგობრობის ძალისხმევით ყველაფერი გაკეთდება ტერორიზმის დასამარცხებლად.

"დიდ მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში მომხდარი ტერაქტის გამო. ამ წარმოუდგენელ სისასტიკეს რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, თურქეთის მთავრობას, თურქ ხალხს.

ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს - საუკუნის ბოროტებას, რომელიც ემუქრება მშვიდობისმოყვარე ხალხებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ მთლიანად ვაცნობიერებთ ცივილიზებული სამყაროს წინაშე მდგარ ამ უდიდეს გამოწვევას. გვჯერა, რომ მსოფლიო თანამეგობრობის ძალისხმევით ყველაფერი გაკეთდება მის დასამარცხებლად", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, თურქეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ გაზიანთეფში, ქორწილის დროს აფეთქება მოხდა, რასაც 50 ადამიანი ემსხვერპლა, 100-მდე კი მძიმედ დაშავდა.