ფილიპინების პრეზიდენტის როდრიგო დუტერტეს განმარტებით, ქვეყანა, შესაძლოა, გაეროდან გამოვიდეს. აღნიშნულ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს. ფილიპინების პირველმა პირმა აღნიშნული განცხადება პრესკონფერენციაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც გაერომ მისი ხელისუფლება საერთაშორისო ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა.
გაეროს სპეციალური მომხსენებლის, ანეს კალამარის განმარტებით, რომელიც სასამართლო პროცესის გვერდის ავლით სიკვდილის განაჩენის პრობლემაზე მუშაობს, როდრიგო დუტერტეს მოწოდება ნარკოტიკების მოხმარება-გავრცელებაში ეჭვმიტანილი ყველა ადამიანის სიკვდილით დასჯის შესახებ, გადაჭარბებული და უპასუხისმგებლო ნაბიჯია, რომელიც დანაშაულის ტოლფასია.
დუტერტეს თქმით, მსგავსი სისულელეების მოსმნის ნაცვლად ფილიპინები გაეროს შემადგენლობის დატოვებას ამჯობინებს და აზიისა და აფრიკის ქვეყნებს ახალი გლობალური საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნას შესთავაზებს. ფილიპინების პრეზიდენტმა გაერო უმოქმედობასა და სირიასა და ერაყში არსებული საომარი ვითარების მოუგვარებლობაში დაადანაშაულა.
გაეროს მონაცემების თანახმად, დუტერტეს მიერ მიმდინარე წლის მაისში პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ ნარკოტიკებით მოვაჭრეების წინააღმდეგ სამართალდამცველების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად 800-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.