პრემიერმა გარდაბანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სავალან მირზოევი წარადგინა

პრემიერმა გარდაბანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სავალან მირზოევი წარადგინა

გიორგი კვირიკაშვილმა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მხარდამჭერებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სავალან მირზოევი წარუდგინა და ქვეყნის მომავალი განვითარების გეგმა გააცნო.

"მიუხედავად ჩვენი ეროვნებისა, ჩვენი რელიგიური კუთვნილებისა, საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა დადგეს ერთად, რათა მომავალი 4 წლის განმავლობაში მოვიტანოთ მნიშვნელოვანი, შეუქცევადი ცვლილებები ჩვენი ქვეყნის განვითარებაში", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გარდაბანში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე. 

მთავრობის მეთაურის განცხადებით, გასული 4 წლის მანძილზე ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის, სოფლის მეურნეობისა და წარმოების განვითარების კუთხით. 

მისივე განმარტებით, ამოქმედდა სახელმწიფო პროგრამები, რომლით სარგებლობა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. 

"საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს და ერთხელ და სამუდამოდ აღმოვფხრათ უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში. ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ ასევე გადავდგით სწორი ნაბიჯები საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ერთის მმხრივ კიდევ უფრო დავუახლოვდით დასავლეთს და მეორე მხრივ ჩვენს სამეზობლოში განვახორციელეთ სწორი, პრაგმატული პოლიტიკა, რითიც შევძელით მიგვეღწია სტაბილურობისთვის", - აღნიშნა პრემიერმა. 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მმართველ ძალას ქვეყნის მომავალი განვითარების კონკრეტული გეგმა გააჩნია, რის განხორციელებასაც "ქართული ოცნების" კვალიფიციური გუნდი შეძლებს. 

"იმ მიზნით, რომ თითოეული თქვენგანის ოჯახში მოვიდეს კეთილდღეობა, ჩვენ გვყავს ყველაზე კვალიფიციური გუნდი წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტისთვის… მინდა მოგიწოდოთ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. დღეს არის სწორი იდეალების, განვითარების გეგმის გარშემო მთელი ქვეყნის გაერთიანების დრო", - განაცხადა პრემიერმა გარდაბნის მოსახლეობასთან შეხვედრისას.