დავასრულოთ ერთთმანეთთან ჩხუბი, ქვეყანა უნდა გაერთიანდეს - პრემიერი

დავასრულოთ ერთთმანეთთან ჩხუბი, ქვეყანა უნდა გაერთიანდეს - პრემიერი

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა მარნეულის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები - რუსლან გაჯიევი და თამაზ ნავერიანი წარუდგინა.

"დავასრულოთ ერთთმანეთთან ჩხუბი, აუცილებლად უნდა გაერთიანდეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება, ქვეყნის განვითარების იდეის გარშემო", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა მარნეულში მოსახლეობას.

მისი განმარტებით, დღეს საჭიროა საზოგადოების კონსოლიდაცია, რათა საქართველომ მიაღწიოს იმ შედეგს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში სტაბილური, შეუქცევადი განვითარების წინაპირობას შექმნის.

მთავრობის მეთაურმა ბოლო 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ ძირეულ ცვლილებებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 

"ჩვენ ახლა ვიმყოფებით მარნეულში და კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს არის საქართველოს ბეღელი. ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სოფლის მეურნეობას, განსაკუთრებით მარნეულელებისთვის და შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ არასოდეს ექცეოდა საქართველოში სოფლის მეურნეობას იმხელა ყურადღება, როგორც დღეს. დღეს გამრჯე ადამიანს შეუძლია უამრავი სახელმწიფო პროგრამის დახმარებით, წამოიწყოს სასოფლო-სამეურნეო ბიზნესი”, - აღნიშნა პრემიერმა. 

მისივე თქმით, ხელისუფლების სწორი საგარეო პოლიტიკა გახდა წინაპირობა იმისა, რომ დღეს ქვეყანას განვითარების გრძელვადიანი ხედვა გააჩნია. 

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სიმდიდრედ მისი მრავალფეროვნება და მრავალეთნიკურობა დაასახელა. 

 

"მარნეული არის მდიდარი რეგიონი, საქართველო კი მდიდარი იმით, რომ ჩვენ ასეთი მრავალფეროვანი, მრავაკულტურული რეგიონები გვაქვს. ჩვენ ამით მხოლოდ და მხოლოდ მდიდრები ვართ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ის ძმობა, ის მეგობრობა, ის თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს ჩვენს მოქალაქეებს შორის, რომელიც წარმოადგენენ სხვადასხვა რელიგიას, სხვადასხვა კულტურას, მაგრამ არიან ერთი ქართული სახელმწიფოებრიობის შემადგენელი ნაწილი”, - განმარტა პრემიერმა.