აქციის მონაწილეები დემურ სტურუას გარდაცვალების ფაქტის გამოძიების მოთხოვნით პრემიერს მიმართავენ

აქციის მონაწილეები დემურ სტურუას გარდაცვალების ფაქტის გამოძიების მოთხოვნით პრემიერს მიმართავენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ აქციას მართავს. აქციას შეუერთდა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი წევრი თამარ კორძაია. აქციის მონაწილეები დემურ სტურუას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დროულ გამოძიებას მოითხოვენ და პრემიერ-მინისტრს განცხადებით მიმართავენ. 

„სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ნარკოპოლიტიკის შედეგები უამრავმა ადამიანმა გამოსცადა საკუთარ თავზე. მისი ყოველდღიური პრაქტიკის დიდი ნაწილი ისევ უხილავი ქსელების მეშვეობით ფუნქციონირებს. ამგვარი ძალადობრივი ქსელების მუშაობის წინაპირობას წლების განმავლობაში პოლიციისთვის მიცემული გადაჭარბებული ძალაუფლება ქმნის, რომლის საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმი დღემდე არ არსებობს. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი ნარკოპოლიტიკის მიზანმიმართული შეტევა საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ფენაზე მიმდინარეობს, რაც საქართველოში არსებული დრამატული სოციალური უთანასწორობის უშუალო შედეგია. მომხდარი დანაშაული კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ პოლიციური კონტროლის მექანიზმები, საჯარო სივრცის მიღმა დარჩენილ ხმაწართმეულ ადამიანებს განსაკუთრებული სიმკაცრით უსწორდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან სამტრედიის რაიონული პოლიცისკენ დაიძვრებიან. სადაც აქციას სახელწოდებით „დემურ სტურუასთვის პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ!“ გამართავენ.