აშშ-ის გამოძიებათა ფედერალურმა ბიურომ და იუსტიციის სამინისტრომ უკრაინის ექს-პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის და ამერიკული კომპანიების შესაძლო კავშირების გამოძიება დაიწყეს.
ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
კერძოდ, საუბარია დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის უკვე ყოფილი უფროსის, პოლ მანაფორტის კომპანიაზე. თავად მანაფორტმა თანამდებობა გუშინ, მას შემდეგ დატოვა, რაც სააგენტო AP-მ გამოაქვეყნა მასალა, რომლის თანახმად, პოლ მანაფორტის კუთვნილი ფორმა DMP International LLC აშშ-ში უკრაინის ექს-პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის პარტიას ფარულ ლობირებას უწევდა.
კიდევ ერთ კომპანიას, რომლის საქმიანობასაც აშშ-ის გამოძიებათა ფედერალური ბიურო გამოიძიებს, CNN-ი Podesta Group-ს ასახელებს, რომელიც ლობირებისა და პიარ-ის სფეროში მუშაობს.
ამ კომპანიას ხელმძღვანელობს პრეზიდენტობის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელის, ჯონ პოდესტას ძმა.