ლევან იზორიამ თურქული ხომალდის მუშაობასთან დაკავშირებული დეტალები გონიოში დაკარგული სამხედროების მშობლებს გააცნო

ლევან იზორიამ თურქული ხომალდის მუშაობასთან დაკავშირებული დეტალები გონიოში დაკარგული სამხედროების მშობლებს გააცნო

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თურქული ხომალდის მუშაობასთან დაკავშირებით გონიოში დაკარგული სამხედროების მშობლები საქმის კურსში ჩააყენა. 
ლევან იზორიას განმარტებით, ხომალდი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით, რაც ოპერაციის ეფექტიანად განხორციელებას ხელს უწყობს. მისი თქმით, თურქული ეკიპაჟი გონიოში მინიმუმ სამი დღის განმავლობაში განახორციელებს სამძებრო ოპერაციებს, საჭიროების შემთხვევაში კი დრო გახანგრძლივდება. 

"გავეცანი თურქულ ეკიპაჟს, ძალიან მაღალკვალიფიციური ეკიპაჟია. თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან, ხომალდი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით, რაც შესაძლებელს ხდის ამ ოპერაციის ეფექტიანად განხორციელებას. ისინი ჩამოსულები არიან მინიმუმ სამი დღით, თუმცა იმის პირობასაც იძლევიან, რომ თუ არ გვექნა კონკრეტული შედეგი, გახანგრძლივდება პერიოდი და მაქსიმუმს გააკეთებენ. განწყობა არის ისეთი, რომ სანამ არ იქნება კონკრეტული შედეგი ისინი მუშაობას არ შეწყვეტენ. თუ არ დადგება შედეგი გვეტყვიან თუ რა არის კონკრტული მიზეზი. გარკვეული მეთოდოლოგია სჭირდება სამძებრო სამუშაოებს. უკვე განსაზღვრეს თუ რა რადიუსში უნდა იქნეს მოძებნილი ობიექტი და შეუდგნენ მუშაობას", - აღნიშნა ლევან იზორიამ. 

მან გამოძიებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ "გამოძიებასთან დაკავშირებით როგორც კი იქნება სიახლე მიაწვდის საზოგადოებას". თურქეთის სასაზღვრო ძალების 650 ტონიანი სამძებრო ხომალდი Minehunter, რომელიც სიღრმეში ძებნა-გადარჩენის ოპერაციებზეა გათვლილი, გონიოს სანაპიროზე 07:00 საათზე შევიდა. ხომალდის ეკიპაჟი 41 კაცს შეადგენს და სანავიგაციო რადარით არის აღჭურვილი. 

თავდაცვის სამინისტროს ორი კურსანტი 16 აგვისტოს გონიოში წვრთნების დროს წყალში დაიკარგა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობა გამოძიება.