პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩაიშალა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩაიშალა

პარლამენტის საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა ჩაიშალა. მიზეზი კვორუმის უქონლობა გახდა. კომიტეტის 15 წევრიდან დღეს პარლამენტში მხოლოდ 5 დეპუტატი მივიდა. საკომიტეტო სხდომის გახსნისთვის კი სულ მცირე 8 დეპუტატის ყოფნა იყო საჭირო. 

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა, ის მომავალ კვირას გამოაცხადებს საკომიტეტო მოსმენის გამართვის ახალ თარიღს. მან აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსახილველად წარმოდგენილი საკითხები საკომიტეტო სხდომაზე გამოტანილი იქნება რეგლამენტით დადგენილ ვადებში. 

სხდომის ჩაშლას მცირე შეკამათება მოჰყვა "დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელს გიორგი ახვლედიანს და უმრავლესობის წევრ ნუკრი ქანთარიას შორის.

როგორც ცნობილია, საპროცედურო საკითხთა კომიტეტს დღევანდელ სხდომაზე უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით "დემოკრატიული მოძრაობის" საინიციატივო ჯგუფი უნდა დაერეგისტრირებინა და მათთვის ხელმოწერების შეგროვების უფლება მიეცა.

ქანთარიამ საინიციატივო ჯგუფის საკონსტიტუციო პროექტს "ფარსი" უწოდა და ახვლედიანს მიმართა, რომ აღნიშნული ინიციატივით მომავალ პარლამენტს მიმართონ, თუკი მათ ოქტომბრის არჩევნებში სათანადო მხარდაჭერა ექნებათ. 

თავის მხრივ, ახვლედიანმა სხდომის ჩაშლა უმრავლესობის პასუხისმგებლობად შეაფასა და განაცხადა, რომ პარლამენტი საინიციატივო ჯგუფს ხელმოწერების შესაგროვებლად პრობლემას ხელოვნურად უქმნის.