სოსო ცინცაძე - არ ველი, რომ ოპოზიციის გაერთიანდებით ”ოცნება” დამარცხდება

სოსო ცინცაძე - არ ველი, რომ ოპოზიციის გაერთიანდებით ”ოცნება” დამარცხდება

როცა ორი არც თუ ძლიერი და მაღალრეიტინგული პარტია ერთიანდება, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მათი აქტივების ჯამს უნდა ველოდოთ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური მოძრაობისა და ვაშაძე-ჯაფარიძე-კაციტაძის ბლოკის გაერთიანების საკითხის შეფასებისას განაცხადა. 

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ცინცაძემ განუცხადა, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ოპოზიცია ხვდება - არჩევნებში მარტო მონაწილეობით, წარმატების პერსპექტივა არავის აქვს. პოლიტოლოგი ასევე მიიჩნევს, რომ არჩევნებზე დადებული შედეგის მიუხედავად, თუ გაერთიანება მყარი იქნება, ეს პოლიტიკური კულტურის ამაღლების თვალსაზრისით, პროგრესად ჩაითვლება.

”შანსებზე ლაპარაკი ძნელია, ვინაიდან, როცა ორი არც თუ ძლიერი და მაღალრეიტინგული პარტია ერთაინდება, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მათი აქტივების ჯამს უნდა ველოდოთ. მათემატიკურად 4+4 არის რვა, მაგრამ პოლიტიკაში შეიძლება 4 და 4 გაერთიანდეს და შედეგი იყოს 3 ან 4. მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი სულ სხვა რამეა. მე არ ველი, რომ გაერთიანდება ჩვენი ოპოზიცია და ისინი დაამარცხებენ ”ოცნებას”, ეს გამორიხულია. მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ოპოზიციაში გრძნობენ - ცალ-ცალკე, დაქუცმაცებულად არავის არ აქვს გამარჯვების პერსპექტივა, უკვე კარგია. შეიძლება ეს მცდელობა უშედეგო, წარუმატებელი იყოს და შეიძლება დაიშალოს კიდეც არჩევნებამდე ერთ თვეში, მაგრამ გაერთიანების მნიშვნელობას რომ ხვდებიან, უკვე მნიშვნელოვანი ფაქტია. ადრეც იყო ეს პროცესები, მაგრამ დილას იქმნებოდა კოალიცია, შუადღეს იშლებოდა, საღამოს სხვა კოალიცია იქმნებოდა, დილით ისევ იშლებოდა. თუ ახლა ეს მყარი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რა შედეგს დადებენ არჩევნებზე, ეს უკვე პროგრესია პოლიტიკური კულტურის ამაღლების თვალსაზრისით”, - განაცხადა სოსო ცინცაძემ.