„თავისუფალი დემოკრატების“ ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიები ”ქართული ოცნების” აქტივისტებით კომპლექტდება

„თავისუფალი დემოკრატების“ ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიები ”ქართული ოცნების” აქტივისტებით კომპლექტდება

საოლქო საარჩევნო კომისიები გადაქცეული არიან პარტია “ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბების დანამატად და ნოტარიალურ კანტორად, - ამის შესახებ ”თავისუფალი დემოკრატების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გუშინ საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსი დასრულდა. ცაგარეიშვილის ინფორმაციით, უკვე წინასწარ ცნობილია კონკურსში გამარჯვებულთა და საუბნო სააარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა (თავმჯდომარე, მდივანი, მოადგილე) ვინაობა, რასაც მისივე განცხადებით, ზოგ შემთხვევაში, ე.წ. კონკურსში მონაწილე ხელისუფლების მიერ შერჩეული კანდიდატებიც არ მალავენ და ღიად საუბრობენ.

როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, საოლქო საარჩევნო კომისიები ”ქართული ოცნების” ადგილობრივი საარჩევნო შტაბების მიერ წარმოდგენილი სიების შესაბამისად აპირებენ საარჩევნო უბნების დაკომპლექტებას. 

”ქართული ოცნება“ ყველაფერში “ნაციონალურ მოძრაობას“ ბაძავს და აგრძელებს მის სტილში მუშაობას. მინდა შეგახსენოთ, თუ როგორ მოხდა საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება ამ რამდენიმე თვის უკან, რასაც პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა - ყველა ვაკანტურ ადგილზე ”ქართული ოცნების” აქტივისტები აირჩა, რათა საოლქო კომისიაში ისეთი უმრავლესობა ჰყოლოდათ, როგორიც შემდგომში მათ საარჩევნო უბნების მათი კარნახით დაკომპლექტების საშუალებას მისცემდა, რასაც წარმატებით ახორციელებენ. ხელისუფლება ცდილობს გამოიყენოს არა მარტო ადმინისტრაციული რესურსი, არამედ საარჩევნო ადმინისტრაციის რესურსიც წარმატების მისაღწევად”, - განაცხადა ცაგარეიშვილმა. 

ცაგარეიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, არ დაუშვას და წინ აღუდგეს საარჩევნო უბნების ”ქართული ოცნების” აქტივისტებით დაკომპლექტებას, რაც მისივე შეფასებით, გამოიწვევს არჩევნებში ჩართული ყველა მხარის უნდობლობას, დააზიანებს საარჩევნო გარემოს და მთლიანად ქვეყანას.

ცაგარეიშვილის ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, არჩევნებზე რეგისტრირებულ სადამკვირვებლო მისიებსა და მედია საშუალებების წარმომადგენლებს მიმართავს, განახორციელონ დაკვირვება და მონიტორინგი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევასა და მის დაკომპლექტებაზე.