გია ხუხაშვილი - პაატა ბურჭულაძის პარტიასთან გაერთიანებით ვაშაძე-ჯაფარიძე-კაციტაძის ბლოკმა ”გამწევი ორთქმავალი” შეიძინა

გია ხუხაშვილი - პაატა ბურჭულაძის პარტიასთან გაერთიანებით ვაშაძე-ჯაფარიძე-კაციტაძის ბლოკმა ”გამწევი ორთქმავალი” შეიძინა

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პაატა ბურჭულაძის პარტიისა და ვაშაძე-ჯაფარიძე-კაციტაძის ბლოკის გაერთიანებას ლოგიკურს უწოდებს. 
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ხუხაშვილმა განუცხადა, გაერთიანება ორივე მხარისთვის ობიექტური აუცილებლობა იყო.

მისივე შეფასებით, ვაშაძე-ჯაფარიძე-კაციტაძის ბლოკმა ამ ნაბიჯით ”გამწევი ორთქმავალი” შეიძინა, რომელსაც ელექტორალური მხარდაჭერა აქვს.

”საარჩევნო პერსპექტივის მქონე ბლოკის ალგორითმი არის შემდეგი - ერთი პარტია მაინც ბლოკში უნდა ემყარებოდეს გარკვეულ ელექტორალურ მხარდაჭერას და დანარჩენი პარტიები შეიძლება უვსებდნენ იმ სისუსტეებს, რაც ამ პარტიას აქვს, კერძოდ ეს არის ინფრასტრუქტურა, პოლიტიკური პროფესიონალიზმი და გარკვეული მყარი იდეოლოგიური საფუძვლები. როგორც გამოჩნდა, ბურჭულაძის პარტიას ჰქონდა გარკვეული ელექტორალური მხარდაჭერა, მაგრამ ასევე ჰქონდა ინფრასტრუქტურული, ადამიანური რესურსის პრობლემები. რაც შეეხება იმ სამი პარტიის გაერთიანებას, მათ თითქოს ჰქონდათ გარკვეული ინფრასტრუქტურა და პოლიტიკური გამოცდილება, მაგრამ არ ჰქონდათ ელექტორალური მხარდაჭერა. შესაბამისად, იმ გაერთიანების საარჩევნო პერსპექტივა პრაქტიკულად ნულოვანი იყო. მათი შეერთება აბსოლუტურად ლოგიკურია, იმიტომ რომ ახლა ბურჭულაძის პარტია შეეცდება ხალხის მხარდაჭერა შეინარჩუნოს და ის სისუსტეები, რაც მისთვის დამახასიათებელი იყო, ამოქოლოს ამ პარტიების შემოერთებით. ამ ბლოკის ჩასმა რაღაც საარჩევნო ლოგიკაში უკვე შეიძლება”, - განაცხადა ხუხაშვილმა. 

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ახალ ბლოკს ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ექნება, თუმცა როგორ მხარდაჭერას მიიღებს ახალი გაერთიანება, პოლიტოლოგს ამის პროგნოზირება უჭირს.

”თუ კიდევ ახალი სიურპრიზები არ გამოჩნდა და ახალი სკანდალები არ ვიხილეთ, მე ვფიქრობ, ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ექნებათ, მაგრამ რამდენად შორს წავლენ ბარიერს ზემოთ, ამის თქმა ძნელია, რადგან დრო ცოტაა და ამ დროში მოახერხებენ თუ არა გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მიმხრობას, რთული სათქმელია”, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

”მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”, ”გირჩი”, ”ახალი მემარჯვენეები” და ”ახალი საქართველო” ერთ საარჩევნო პლატფორმაში გაერთიანდა, - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, შეიქმნა ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომლის სახელწოდებაა ”პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”.