ფერიცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთის დედათა მონასტერში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს

ფერიცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთის დედათა მონასტერში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს

მცხეთაში, ფერიცვალების სახელობის დედათა მონასტერში ფერიცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო-საღმრთო ლიტურგია სრულდება. 
წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს. წირვაზე საქართველოს პრეზიდენტს ელოდებიან. წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და დღევანდელ დღეს მიულოცავს.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერიცვალებას აღნიშნავს. ფერიცვალების ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება. მარხვის გამო ეს დღე თევზით ხსნილია. 

ფერიცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორის არის. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის - პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ისინი უფალთან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. მოციქულებს შემდეგ თავს ელვარე ღრუბელი დაადგა, საიდანაც ღვთის ხმა ამბობდა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). ხილვით შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, როდესაც აიხედეს, მათ წინაშე მხოლოდ იესო იდგა. მან გააფრთხილა მომავალი მოციქულები, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა. იერუსალიმში ყოველწლიურად ხილული სამი სასწაული აღესრულება: აღდგომას ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა, ნათლისღებას (19 იანვარს), მდინარე იორდანეს უკუქცევა და 19 აგვისტოს, ფერიცვალების ღამეს თაბორის მთაზე ღრუბლის მოსვლა.