მეთიუ ბრაიზა:   ნატოსკენ და დასავლეთისკენ საქართველოს სწრაფვის ინტენსიურობა შემცირდა

მეთიუ ბრაიზა: ნატოსკენ და დასავლეთისკენ საქართველოს სწრაფვის ინტენსიურობა შემცირდა

აგვისტოს ომამდე, არც ერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი არ იტყოდა, რომ საქართველომ დასავლეთზე მეტად რუსეთთან ურთიერთობაზე უნდა იფიქროს - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მეორე მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ ”ამერიკის ხმის” ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ბრაიზა აღნიშნავს, ფართო-სტრატეგიული თვალსაზრისით, საქართველომ შეინარჩუნა ევროატლანტიკური კურსი, თუმცა ის აქვე აღნიშნავს, რომ პერიოდულად მთავრობის წარმომადგენლებისგან განსხვავებული განცხადებებიც ისმის.

”თვალშისაცემია ომის შემდგომ საქართველოში ქვეყნის დასავლურ ბედზე ოპტიმიზმის კლება, ნატოსადმი მხარდაჭერა საქართველოში ისევ ძლიერია, შენელდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ამავდროულად, უფრო ხშირად გვხვდება საქართველოს გეოგრაფიის მიღება, იმის მიღება რომ საქართველო რუსეთის მეზობელია, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობა არ სურს. ფართო-სტრატეგიული თვალსაზრისით, საქართველომ შეინარჩუნა ევროატლანტიკური კურსი, ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური სპექტრში, მათ შორის პარლამენტსა და “ქართული ოცნების” მთავრობაში, განცხადებები, რომ საქართველოს ადგილი დასავლეთში და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაშია. მაგრამ ნატოსკენ და დასავლეთისკენ საქართველოს სწრაფვის ინტენსიურობა შემცრიდა. პერიოდულად გვესმის მთავრობის წარმომადგენლებისგან, რომ ზოგიერთები ქვეყნის ორიენტაციის ცვლილებას განიხილავენ, ხშირად ამ განცხადებებს შესწორებები ახლავს, რაც კარგია. მაგრამ უნდა ითქვას, რომ აგვისტოს ომამდე, არც ერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი არ იტყოდა, რომ საქართველომ დასავლეთზე მეტად რუსეთთან ურთიერთობაზე უნდა იფიქროს”, - განაცხადა ბრაიზამ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილე ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში, საქართველოს მთავრობამ სწორი სტრატეგია შეიმუშავა.

”ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ აფხაზეთის და ”სამხრეთ ოსეთის” რეგიონებთან მიმართებით სწორი სტრატეგია შეიმუშავა, რასაც თვითონ “სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას” უწოდებენ, როცა რეინტეგრაციის პროცესს არ აჩქარებენ, არამედ ამ რეგიონების მოზიდვას კონსტრუქციულად ცდილობენ”, - აცხადებს მეთიუ ბრაიზა ”ამერიკის ხმის” ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ის ასევე იმედოვნებს, რომ საქართველო ევროპულ ისტორიაზე ხელს არ ჩაიქნევს.