შუამთობის დღესასწაულზე მისული ლევან ვარშალომიძე სამართალდამცავებმა სცენასთან არ მიუშვეს

შუამთობის დღესასწაულზე მისული ლევან ვარშალომიძე სამართალდამცავებმა სცენასთან არ მიუშვეს

შუამთობის დღესასწაულზე ლევან ვარშალომიძე მივიდა. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ბეშუმიდან იუწყება. ბეშუმში, სადაც ტრადიციული დღესასწაული, შუამთობა მიმდინარეობდა, პრემიერ-მინისტრი და აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ, აჭარაში ”ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ნომერი, ლევან ვარშალომიძეც გამოჩნდა.

ვარშალომიძე სპეციალურად დამონტაჟებულ სცენასთან იმ დროს მივიდა, როცა გიორგი კვირიკაშვილი ადგილობრივებს სიტყვით მიმართავდა და შუამთობის დღესასწაულს ულოცავდა.

ლევან ვარშალომიძემ მის მომხრეებთან ერთად სცადა სცენასთან ახლოს მისულიყო და დამდგარიყო, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს.

ლევან ვარშალომიძე სცენის მიმდებარედ, ხალხში შევიდა. მისი მხარდამჭერები სკანდირებდნენ, ”გაუმარჯოს ”ნაციონალურ მოძრაობას”.

სახალხო დღესასწაულზე ამ დროისთვის უკვე სიმშვიდეა, კონცერტი მიმდინარეობს და მას ესწრებინ როგორც მთავრობის წარმომადგებნლები, ასევე ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები.

როგორც ვარშალომიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის მოსახლეობისთვის დღესასწაულის მისალოცად მივიდა. ლევან ვარშალომიძის და მისი მხარდამჭერების სიახლოვეს სამართალდამცველები არიან განთავსებული.