დღეს ხელისუფლების ამოცანაა, კიდევ უფრო სწრაფად ამოძრავდეს ეკონომიკა, ვინაიდან ეს იქნება ქვეყნის სწრაფი განვითარების საფუძველი და საფუძველი იმისათვის, რომ ცხოვრების დონის გაუმჯობესება იყოს მიღწეული.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, თელავში განაცხადა, სადაც კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
"თქვენთან ერთად ჩვენ ამას შევძლებთ და ჩვენი ქვეყანა თავს დააღწევს გაჭირვებას! თქვენთან ერთად ავაშენებთ წარმატებულ ქვეყანას, სახელმწიფოს, სადაც ყველა თანასწორი იქნება კანონის წინაშე და ვერავინ გაბედავს დაუსჯელობის იმედით ბატონობას ადამიანებზე. 2012 წელს, თქვენ "ქართული ოცნების" გვერდით იდექით და ჩვენ ბრძოლა მაშინ გამარჯვებით დავაგვირგვინეთ! ამ არჩევნებშიც, ჩვენ, თქვენი გვერდით დგომით, აუცილებლად გავიმარჯვებთ. "ქართული ოცნება" აუცილებლად გაიმარჯვებს და ამით ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს", - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას.