პრემიერ-მინისტრმა კახეთის მოსახლეობას ყურძნის სუფსიდირებასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.
მისი თქმით, 2016 წლისათვის ამ მიმართულებით 25 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ხოლო ყურძენს 100-მდე ღვინის საწარმო ჩაიბარებს.
"ვაზი და ვენახი წმინდაა ქართველი კაცისთვის, და ჩვენ განსაკუთრებულად ვზრუნავთ სწორედ მევენახეობაზე. ეს არის ჩვენი ფესვები, ჩვენი სამშობლოს სიძლიერე, ჩვენი სამშობლოს სიმბოლო და ჩვენ ვალდებული ვართ შევინახოთ, გავაგრძელოთ და შვილებს გადავცეთ მამა-პაპათა ტრადიციები. ჩვენ იმაზეც ვზრუნავთ, რომ გლეხი მარტო მევენახე კი არ იყოს, არამედ ღვინის წარმოებაც შეეძლოს და შემოსავალიც შესაბამისი ჰქონდეს“,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების განსაკუთრებული მიდგომა შედეგს გამოიღებს და ქართული ღვინო არა მხოლოდ თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებს მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების გვერდით, არამედ საქართველო ღირსეულ კონკურენციასაც გაუწევს ცნობილ ქვეყნებს.
"ჩვენი უნიკალური ისტორიული და კულტურული ძეგლები, კახეთის ულამაზესი ბუნება, რა თქმა უნდა, მთა-თუშეთი უამრავ სტუმარსა და ტურისტს იზიდავს, მათ შორის, ღვინის ტურიზმის მოყვარულებსაც. და ჩვენ ეს სიმდიდრე მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.