არ ვიცი დღეს რა განმარტებები გააკეთა პაპუაშვილმა პროკურატურასთან, თუმცა უკვე განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ მისი განცხადება ზეწოლის შესახებ იყო ”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ განუცხადა. მისი თქმით, უკვე გამოკითხული 8 მოსამართლიდან არც ერთი ასახელებს ზეწოლის ფაქტს, რაც უკვე გამორიცხავს ზეწოლის ფაქტის არსებობას.
”ბატონ პაპუაშვილს არასდროს უთქვამს, რომ ის ერთი ადამიანი, ვიზეც განხორციელდა ზეწოლა, არის თავად. არ ვიცი მან რა განმარტებები გააკეთა დღეს პროკურატურასთან, დაველოდებით დასკვნას, როგორი იქნება მთავარი საგამოძიებო უწყების. თუმცა უკვე განვითარებული მოვლენები ცხადყოფს და ყველა ფაქტობრივ ანალიზს მივყავართ იქამდე, რომ ყველა ეს განცხადება იყო პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი და ამ პოლიტიკურ დღის წესრიგს ქმნიდა ”ნაციონალური მოძრაობა”, - განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, თუ დადასტურდა, რომ სარჩელების შეცვლა ხდებოდა ”ნაციონალური მოძრაობის” გეგმის განსახორციელებლად, ეს არის კანონდარღვევა და დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს.
”უკვე საკმაოდ შეელახა იმიჯი და ავტორიტეტი საკონსტიტუციო სასამართლოს და სამწუხაროა, რომ ასეთი მაღალი ინსტიტუცია და კონსტიტუციური ორგანო ასეთი ქმედებებით რაც გამოაშკარავდა, ძალიან დაზარალდა. ეს მთლიანობაში სისტემურად აზიანებს ამ სასამართლოს, რაც ყველასთვის სამწუხაროა. ეს პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ კონკრეტულმა პირებმა და მოსამართლეებმა, ვინც არ იფიქრა, რომ სასამართლოს იმიჯი არის გაცილებით მნიშვნელოვანი ვიდრე ”ნაციონალური მოძრაობის” მაამებლობა, ვიზეც ანგარიშვალდებულად გრძნობენ თავს.
საკონსტიტუციო სასამართლო არ არის 9 მოსამართლის საკუთრება, ის ეკუთვნის მთელ ქართველ ხალხს, ქვეყანას. თუკი დადასტურდება ან დისციპლინური წარმოებით ან გამოძიებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელების შეცვლა ხდებოდა მიზანმიმართულად ”ნაციონალური მოძრაობის” გეგმის განხორციელებისთვის, ეს იქნება უმძიმესი დარტყმა სასამართლოსი, ძალიან მძიმე კანონდარღვევა და იმ პირების პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ვინც ასეთ კანონდარღვევას აკეთებდა”,- აღნიშნა ბესელიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის გამოკითხვა დასრულდა. პროკურატურის გამომძიებელი ბექა კვიციანი საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში ექვსი საათი იმყოფებოდა.
გამოკითხვის შემდეგ ბექა კვიციანმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე პლენუმის თავმჯდომარის პასუხების შინაარსს ვერ გაასაჯაროებს. მისივე თქმით, საკითხზე ვრცელ განცხადებას პროკურატურა გაავრცელებს.
"პასუხების შინაარსს ვერ გეტყვით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. გამოკითხვა შეეხებოდა იმ განცხადებას, რომელიც ბატონმა გიორგიმ 21 ივლისს გააკეთა. მისი გამოკითხვა პირველად განხორციელდა ამ საკითხზე, უკვე გამოკითხულია ყველა მოსამართლე. დეტალებს საზოგადოება გაიგებს ოფიციალური განცხადების შემდეგ", - აღნიშნა ბექა კვიციანმა.
გიორგი პაპუაშვილის გამოკითხვა ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში განხორციელდა.
თავად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს კომენტარი არ გაუკეთებია.