ვფიქრობ, რომ ქორწინების შესახებ რეფერენდუმის ინიციატივა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის სტანდარტებს, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ შესაბამის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, რეფერენდუმის ჩატარება ორი მიზეზის გამო არ შეიძლება.
„პირველი იმიტომ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც ადამიანის უფლებების სტანდარტის შემცირებას ითვალისწინებს, რაც აკრძალულია „რეფერენდუმის შესახებ“ კანონით. მეორე პრობლემა ის, რომ ეს საკითხი კონსტიტუციით რეგულირდება და კონსტიტუციური რეგულირების საკითხების რეფერენდუმზე გატანა არ შეილება, ვინაიდან, გამოდის, რომ რეფერენდუმზე იცვლება კონსტიტუცია მაშინ, როცა კონსტიტუცია მხოლოდ პარლამენტის მიერ შეიძლება შეიცვალოს საქართველოს უზენაესი კანონის მიხედვით“, - აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტს გადაუგზავნა.
საქმე ალექსანდრე ბრეგაძის, სოსო მანჯავიძისა და ზვიად ტომარაძის შემადგენლობით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას ეხება, რომლის მიხედვით, რეფერენდუმი შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ჩატარდეს: - "თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?".