მანანა კობახიძე ქორწინების შესახებ რეფერენდუმზე - 200 000 ადამიანის ხელმოწერას ყველამ პატივი უნდა სცეს

მანანა კობახიძე ქორწინების შესახებ რეფერენდუმზე - 200 000 ადამიანის ხელმოწერას ყველამ პატივი უნდა სცეს

პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე განმარტავს, თუ რატომ მოხდა პარლამენტში ინიცირება საკონსტიტუციო პროექტის, რომელიც კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ნორმის დაკონკრეტებას გულისხმობს.

როგორც კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კონსტიტუციაში ამ დროისთვის ნახსენებია მხოლოდ მეუღლეები და არ არის დაკონკრეტებული, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, რაც გარკვეული ჯგუფების მხრიდან ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ვიცე სპიკერი მიიჩნევს, რომ ინტერპრეტაციების თავიდან ასაცილებლად უნდა დაკონკრეტდეს - ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ან მამაკაცისა და ქალის ერთობა.

”როდესაც 1995 წელს წერდნენ კონსტიტუციას, მათ ნამდვილად სხვა არაფერი უგულისხმიათ და უფიქრიათ იმის თაობაზე, რომ ქორწინება არის მხოლოდ ქალსა და მამაკს ან მამაკაცსა და ქალს შორის კავშირი. აქედან გამომდინარე მოხდა სამოქალაქო კოდექსში უფრო მეტი დაკონკრეტება ქორწინების და ზოგადად დეფინიციის უფრო კონკრეტულად ასახვა კანონში. არაფერი სადავო არ არის და არც იქნებოდა რომ არა მცდელობები, რომ სხვა ინტერპრეტაციით მოხდეს კონსტიტუციური ჩანაწერი, სადაც საუბარია მხოლოდ მეუღლეებზე და არ არის მითითებული ქალის და მამაკაცის, წარმოჩენა. იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, კარგი იქნება კონკრეტულად გაიწეროს კონსტიტუციაში. მე იმასაც ვიტყოდი, რომ შესაძლოა თუნდაც იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ ამ ცვლილებით იზღუდება სექსუალური უმცირესობების უფლებები, სწორედ მათ აქვთ ასეთი აღქმა, რომ თუ ამ ცვლილებას განვახორციელებთ თურმე ვზღუდავთ უფლებას უმცირესობების. ისინი ფართოდ განმარტავენ, რომ კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი მათ ამ უფლებას დღეს თუ არ ანიჭებს, ხვალ და ზეგ მისცემს უფლებას, რომ ასე განიმარტოს კონსტიტუცია. ამ გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ საჭირო იყო ამის განხორციელება”, - აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, ამ პროექტის ინიცირების შემდეგ პარლამენტში უცხოეთიდან უამრავი წერილი შევიდა ამ კანონის არ მისაღებად.

”მას შემდეგ რაც ჩვენ ინიცირება მოვახდინეთ აღნიშნული ნორმის და დავიწყეთ მსჯელობა პარლამენტში, ათეულობით წერილი შემოვიდა პარლამენტში პირადად ჩემ სახელზე და ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში. ეს წერილები იყო უცხო ქვეყნებიდან გამოგზავნილი სრულიად უცხო ადამიანებისგან, რომლებიც პირდაპირ ითხოვდნენ, რომ ინიციატივა გაგვეხმო უკან. საფუძვლად მითითებული იყო, რომ ამ ცვლილებით პარლამენტი მოახდენს უმცირესობების უფლებების დარღვევას. მათი მხრიდანაც აღქმა იყო, რომ კონსტიტუცია იძლევა ასეთ შესაძლებლობას და ამ დროს ჩვენ ვინმეს უფლებას ვზღუდავთ. შესაძლოა კონსტიტუციური ჩანაწერი გარკვეულმა ჯგუფმა სხვაგვარად წაიკითხოს და შემდეგ შესაძლოა თავსატეხი საკონსტიტუციო სასამართლოს გაუჩნდეს თუ როგორ მოახდინოს ინტერპრეტირება, ჩვენ ამის აღსაკვეთად უნდა გავწეროთ კონსტიტუციის ავტორებმა მაშინაც რაც იგულისხმეს და რაც აღქმაც უმრავლესობას აქვს”, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ეს ინიციატივა იმთავითვე მოდიოდა ”ქართული ოცნებისგან” და არჩევნებთან ამ თემის დაკავშირება სპეკულაციაა.

”ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს გაჟღერდა ინიციატივა კონსტიტუციაში ქორწინების შესაბამისი მარეგულირებელი ნორმის უფრო მეტი განსაზღვრულობის თაობაზე. ამის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაცხადდა ამ ინიციატივის შესახებ. საპარლამენტო უმრავლესობამ, გარდა ”რესპუბლიკური პარტიისა”, მოახდინა ინიცირება კონსტიტუციური კანონპროექტის ცვლილებების თაობაზე. როგორც ოპოზიციური პარტია, ”თავისუფალი დემოკრატები” იყო ჩვენთან ერთად ინიციატორი. ჩვენ შევქმენით კომისია, რომელიც სახალხო განხილვებს ხელმძღვანელობდა. არაერთი შეხვედრა გაიმართა მოქალაქეებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, გავიტანეთ კიდეც ეს კონსტიტუციური კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე. იყო მსჯელობა, დისკუსია, მაგრამ სამწუხაროდ ოპონენტებიდან არ იყო მხარდაჭერა და ვერ შედგა საკონსტიტუციო ქვორუმი, რაზეც კენჭისყრა ვერ მოხდა. პოლიტიკური ნება ”ქართული ოცნების” თავიდანვე გაცხადდა, რომ ჩვენ მიზანშეწონილად და საჭიროდ მიგვაჩნია კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის არსებობა. რაიმე სპეკულირება და არჩევნებთან დაკავშირება, უსაფუძვლოა. პოლიტიკური სპეკულაციებია როცა ამ თემას არჩევნებს უკავშირებენ”, - განაცხადა კობახიემ.

რაც შეეხება რეფერენდუმს, კობახიძე მიიჩნევს, რომ 200 000 ადამიანის ხელმოწერას ოპოზიციამ პატივი უნდა სცეს.

”რეფერენდუმს ყავდა კონკრეტული ინიციატორები. როდესაც 200 000 ადამიანი ხელს აწერს ამ მოთხოვნას და მხარს უჭერს რეფერენდუმის ჩატარებას, იგივე ოპოზიციამ პატივი უნდა სცეს ამ ადამიანების განაცხადს. პროცედურები დაწყებულია. ცესკო-მ გადაუგზავნა მიმართვა პრეზიდენტს. აწი საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტია დანიშნავს თუ არა რეფერენდუმს. ეს მისი გადასაწყვეტია და ამ გადაწყვეტილებაში ვერ ჩავერევით. ერთი რამ უნდა ვთქვა, რომ თუკი რაიმე ცვლილება უნდა განხორციელდეს კონსტიტუციაში, ეს უნდა განახორციელოს პარლამენტმა”, - აღნიშნა ვიცე სპიკერმა.