დავით სერგეენკო:  ტრისტან წითელაშვილის საკითხს პოლიტიკური სარჩული უნდა ჩამოშორდეს

დავით სერგეენკო: ტრისტან წითელაშვილის საკითხს პოლიტიკური სარჩული უნდა ჩამოშორდეს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ ტრისტან წითელაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და მთლიანად საკითხს პოლიტიკური სარჩული უნდა ჩამოშორდეს .

ასე ეხმაურება სერგეენკო გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტრისტან წითელაშვილს საიდუმლო ინფორმაციებთან ჰქონდა წვდომა.

„პირველ რიგში მე არ ვიცი ნამდვილად, რამდენად ჰქონდა ადგილი იმას, რომ ადამიანი, რომელიც არ უნდა ყოფილიყო სადღაც, აღმოჩნდა იქ, სადაც არ უნდა ყოფილიყო. მე ამის შესახებ არ ვიცი, თუმცა ჩემი ღრმა რწმენა არის, რომ ამას პოლიტიკური სარჩული უნდა მოშორდეს და ეს საკითხი უნდა იქნას შესწავლილი დადგენილი წესით. ამაში რთული არაფერია, ის, ვისაც ხელეწიფება ამის გარკვევა და ვისი პროფესიაც არის, მარტივად გაერკვევა ამაში“, - აღნიშნა სერგეენკომ.

გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე ამტკიცებს, რომ ” აგვისტოს ომის” შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია, მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა.

პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი საცეცხლე წერტილებზე მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს დანიშნულმა, გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ შეიყვანა, რომელმაც საიდუმლო ბაზაზე შესვლა სამსახურეობრივი საშვით შეძლო.

საიდუმლო ობიექტები წითელაშვილმა ფირზე გადაიღო. გადაღების დროს წითელაშვილს ხელი სამხედროებმა შეუშალეს, თუმცა უშედეგოდ. სამხედროებმა კალანდაძის ინფორმაცით, მიაწოდეს ინფორმაცია ზემდგომებს, თუმცა მინისტრმა საბოლოოდ აღნიშნულის გამოძიება არ დაიწყო, რის გამოც კალანდაძე ჯანელიძეს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს.