საქმეში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და მისი გამოძიების ეფექტური გზა 8 ოქტომბრის შემდეგ იქნება, - ასე უპასუხა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სერგი კაპანაძემ თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო ობიექტებზე გარკვეული პირების უკანონო დაშვებასა და ამ საკითხის ნდობის ჯგუფის ფარგლებში განხილვის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, დღეს სამართალდარღვევა სწორედ ხელისუფლებიდან მოდის, შესაბამისად მისი ეფექტურად გამოძიების იმედი პარტიაში არ გააჩნიათ.
”ყველაზე ეფექტური გზა ამ საკითხის გამოძიების იქნება 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი. დღევანდელ პირობებში, როდესაც ზეწოლა მოდის თვითონ ხელისუფლების მხრიდან და როდესაც პროკურატურა არის ინსტრუმენტი ამ ზეწოლის, ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ რაიმე ეფექტურად შეიცვალის.
შესაძლოა ეს ნდობის ჯგუფის ფარგლებში მოხდეს, თუმცა ამ საქმეში პირველ რიგში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და უნდა იქნეს გამოძიებული შესაბამისი უწყების პირობებში,” - განაცხადა სერგი კაპანაძემ.