მანანა კობახიძე:  მოსამართლეებზე ზეწოლას შესაძლოა თავად გიორგი პაპუაშვილი ახდენდეს

მანანა კობახიძე: მოსამართლეებზე ზეწოლას შესაძლოა თავად გიორგი პაპუაშვილი ახდენდეს

ვინმე თუ ზეწოლას ცდილობდა მოსამართლეებზე, გამოიკვეთა რომ ეს შესაძლოა თავად გიორგი პაპუაშვილი იყო, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, პაპუაშვილი მოქმედებს არა დამუკიდებლად, არამედ ”ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთით. 

კობახიძე დარწმუნებულია, რომ ქმედუნარიანია თითოელი მოსამართლე, ეს ვითარება დაიძლევა და საქმის განხილვები გაგრძელდება. 

”თუ ვინმე ცდილობს ზეწოლას, გამოიკვეთა, რომ ეს შესაძლოა იყოს თავად გიორგი პაპუაშვილი. ის მოქმედებს არა დამოუკიდებლად, არამედ ბოლო პერიოდში გადაიქცა გარკვეული პოლიტიკური ძალის დავალებების შემსრულებლად. ძალიან სამწუხაროა, რომ პაპუაშვილმა ბოლო პერიოდში მოსამართლის სახე დაკარგა და გვევლინება როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი და არა მოსამართლე, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ თავს და კოლეგებს. აქედან გამომდინარე, ანალიზი უნდა გაკეთდეს და შეფასდეს სიტუაცია ისე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ ინსტიტუტად გამოყენება შედის ”ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებში. ის ცდილობს გარკვეული კრიზისის, დესტაბილიზაციის შექმნას, რაც არ გამოუვიდა იქიდან გამომდინარე, რომ თითოეული მოსამართლე პასუხისმგებლობის მქონეა, მოქმედებს კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის დაკვეთით ან მითითებით, ასე რომ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს არ გამოუვიდა”, - განაცხადა კობახიძემ. 

მისივე თქმით, პაპუაშვილმა კოლეგები უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. 

”ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირება გაგრძელდეს კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში. საკონსტიტუციო სასამართლო და მისი თითოეული მოსამართლე არავის წინაშე არ არის ანგარიშვალდებული, გარდა კონსტიტუციისა და კანონისა. ამიტომ, მოსამართლეებმა ინდივიდუალურად და სასამართლოს მთლიანი შემადგენლობის ფორმატში უნდა შეძლონ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება. მე ვურჩევ პაპუაშვილს, რომ პირველ რიგში მისი მხრიდან იყოს კოლეგიალური მიდგომა. მე ვურჩევ, რომ საკუთარი განცხადებების შეფასება, თვითშეფასება მოახდინოს. სასამართლოს და მოსამართლეების მხრიდან რაიმე დადასტურება იმ ფაქტების, რაზეც გიორგი პაპუაშვილი საუბრობს, არ მომხდარა. მან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა კოლეგები. 

კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თავის განცხადებებს. 
”მას არ აქვს გააზრებული საკუთარი პასუხისმგებლობა პირველ რიგში საკონსტიტუციო სასამართლოს და ქვეყნის წინაშე, რადგან ასეთი ქმედებები იწვევს დისკრედიტაციას ამ ინსტიტუტის და მიმართულია მოსამართლეების დემორალიზებისკენ. მოსამართლეებს ნამდვილად აქვთ იმის კვალიფიციკაცია, რომ გააგრძელონ თავისი საქმიანობა ყოველგვარი ზეწოლების გარეშე. თითოეული გადაწყვეტილება, რომელიც გამოაქვს საკონსტიტუციო სასამართლოს, ძალიან ფართო ეფექტს იძლევა და უნდა იყოს ნაკარნახები მხოლოდ კონსტიტუციის სულისკვეთებიდან და არა სხვა გარემოებიდან”, - განაცხადა კობახიძემ.