სერგი კაპანაძე:   „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საქართველო გაღარიბდა

სერგი კაპანაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საქართველო გაღარიბდა

2012 წელთან შედარებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, საქართველო გაღარიბდა; თუ 2012 წელს საქართველოს ეკონომიკა იყო 15,8 მილიარდი დოლარი, ახლა ის არის 14,2 მილიარდი დოლარი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, 2013 წლიდან საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი ძალიან დაბალია.

„2004-07 წლებში ეკონომიკა იზრდებოდა 2,7-ჯერ სწრაფად, ვიდრე „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში. 2013-16 წლებში ეკონომიკა საშუალოდ 3%-ით იზრდებოდა, 2016 წლის 6 თვის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა 2,9%-ია. ასეთი ეკონომიკური ზრდა საქართველოს ტიპის განვითარებადი ქვეყნისთვის კატასტროფულად დაბალია. ამ მონაცემებით 2030 წელს ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც დღეს აზერბაიჯანი, სურინამი, გრენადა და თურქმენეთი არიან“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კაპანაძემ ასევე ქვეყნის საშინაო ვალის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო 3 წელიწადში თითქმის გაორმაგდა და ერთი მილიარდით გაიზარდა. სერგი კაპანაძემ ლარის კურსის ვარდნაზეც ისაუბრა დოლართან მიმართებაში და აღნიშნა, რომ ეს განპირობებულია ექსპორტით.

„ჩვენ არა მარტო დავუბრუნდით 2003-04 წლის ცუდ მაჩვენებელს, არამედ ლარი დღეს კიდევ უფრო მეტად გაუფასურებულია. 2014 წლის ნოემბრიდან ლარის გაცვლითმა კურსმა გაუფასურება დაიწყო და იგი 40%-ით გაუფასურდა. ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში დღეს 2,34 ლარს შეადგენს. ლარის კურსის ასეთი ცვლილება აღარიბებს ჩვენს მოასახლეობას. საქართველოში კრედიტს დოლარის ექვივალენტში 500 000-ზე მეტი ადამიანი იხდის, ყოველთვე. სწორედ ნახევარ მილიონ ადამიანს დღეს ვალის მომსახურება უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე ეს იყო ორი ან სამი წლის წინ. ექსპორტი, რამაც საქართველოში ფული უნდა შემოიტანოს ბოლო 6 წლის მინიმუმზეა დასული. ის ნაკლებია ვიდრე 2012, 2013, 2015 და 2016 წელს იყო“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.