მამუკა არეშიძე:  გიორგი პაპუაშვილი

მამუკა არეშიძე: გიორგი პაპუაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" დავალებას ასრულებს

პოლიტოლოგ მამუკა არეშიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" დავალებას ასრულებს და ვითარების დესტაბილიზაციას უწყობს ხელს.

მისივე თქმით, პაპუაშვილს სურს, "დააყენოს ბუღი", რაც პრინციპში გამოსდის, თუმცა აბსოლუტურად უშინაარსოდ და ულოგიკოდ.

"საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო საკმაოდ რთული პროცესი ვითარდება. არ ვარ იურისტი და იურიდიული შეფასება გამიჭირდება, მაგრამ, რასაც ვხედავ, ჩანს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ცდილობს, რაღაც დავალება შეასრულოს, რომელიც ბოლომდე არ გამოსდის. საბოლოო ჯამში, უარყოფით რეზონანსს ქმნის. თან, რაც დრო გადის, ჩანს, რომ არ უნდა, ეს უარყოფითი ფონი მოხსნას და კონსტრუქციულ რეჟიმში გადავიდეს ვითარება", - აცხადებს მამუკა არეშიძე.

მისთვის გაუგებარია, "იურისტი კაცი" რატომ ამბობს უარს პროკურატურასთან თანამშრომლობაზე?! გაურკვეველია მიზეზიც - ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს".

კითხვაზე, ვის დავალებას ასრულებს პაპუაშვილი, არეშიძე აცხადებს, რომ გიორგი პაპუაშვილი რჩება "ნაციონალური მოძრაობის" გუნდის წევრად, მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი ორგანოს ხელმძღვანელია“.

"ასეთი შთაბეჭდილება მრჩება და ამაში ნელ-ნელა სულ უფრო ვრწმუნდები. საერთოდ, ეს პროცესი არ მიიქცევდა ჩემს, როგორც სხვა მიმართულების სპეციალისტის, ყურადღებას, რომ არა მისი ასეთი ეკლექტური და ქაოსური ქმედება”, - აცხადებს ექსპერტი "რეზონანსთან" ინტერვიუში.