„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელის განხილვა იწყება

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელის განხილვა იწყება

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელის განხილვა დაიწყება. სარჩელი ეხება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ მიიღო. ამ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა გაიზიარა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” კონსტიტუციური სარჩელის ერთ-ერთმა ავტორმა, კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციები არაკონსტიტუციურად თვლიან 4 მიმართულებას.

”პირველი არის სასამართლოს გაზრდილი კვორუმი ორგანული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. აქამდე იყო ჩვეულებრივი უმრავლესობა და გახდა 2/3. ვფიქრობ, ეს წარმოადგენს სასამართლოს ეფექტური ფუნქციონირების შემცირებას და საფრთხეს ქმნის ამისას. მეორე არის ის, რომ მოსამართლე, როდესაც ამოეწურება ვადა, წყვეტს მიმდინარე საქმის განხილვას. აქამდე მოსამართლეს შეეძლო ბოლომდე მიეყვანა საქმე და შემდეგ დაეტოვებინა თანამდებობა. ახლა, თუნდაც სათათბირო ოთახში გასულს, როგორც კი მოუსწრებს ვადის ამოწურვა, ვალდებულია შეწყვიტოს საკუთარი უფლებამოსილება და შესაბამისად, საქმეს ბოლომდე ვერ მიიყვანს, რაც ასევე იწვევს არაეფექტურობის რიკს. შესაძლოა, გადაწყვეტილება იყოს სასწრაფოდ გამოსატანი და ახალი მოსამართლის ჩართვამ გაწელოს პროცესი”, - განაცხადა მენაბდემ.

მისივე თქმით, მესამე საკითხი უკავშირდება პლენუმისთვის საქმის გადაცემას.

”ერთ მოსამართლეს მიენიჭა უფლება, რომ საქმე გადაეცეს პლენუმს, რაც არ არის პრობლემა, თუმცა პრობლემა არის გადაწყვეტილების მიღების ფორმა, კერძოდ, როგორ ფორმირდება უმრავლესობა. ყველა შემთხვევაში საჭიროა არსებობდეს 9-დან 5 მოსამართლე, რომელიც არ ეთანხმება ამ ერთ მოსამართლეს. პრობლემა არ არის, როცა 9 მოსამართლეა, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც 8 ან 7 მოსამართლე ესწრება სხდომას. ამ შემთხვევაში 8-დან 5 ან 7-დან 5 მოსამართლის საჭიროება ზედმედად მაღალი კვორუმია. ბოლო საკითხი, რომელიც გვაქვს გასაჩივრებული არის ნორმის შეჩერება. ნორმის შეჩერებას აქამდე ახდენდა როგორც პლენუმი, ასევე კოლეგია. ახლა, ნორმის შეჩერებაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პლენუმმა, რაც არალოგიკურია. თუ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კოლეგია, გაუგებარია შუალედური გადაწყვეტილება რატომ უნდა მიიღოს პლენუმმა. ეს გამოიწვევს ვადების გაწელვას და სასამართლოს ეფექტურობას შეამცირებს”, - განაცხადა მენაბდემ.

მისივე თქმით, ეს ცვლილებები ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ამცირებს საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტურობას და ზრდის რისკს, რომ უფლებადარღვეულის სარჩელი სათანადოდ ვერ იქნება განხილული და სასამართლო აწყდება დაბრკოლებებს ამ მიმართულებით.

”პარლამენტმა, რომელიც ექვემდებარება საკონსტიტუციო სასამართლოს კონტროლს, საკუთარ მაკონტროლებელს გაურთულა კონტროლის შესაძლებლობა. ეს წარმოადგენს ხელისუფლების განაწილების დარღვევას. ვიმედოვნებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მიიღებს და ჩვენს არგუმენტებს გაიზიარებს”, - აღნიშნა მენაბდემ.