საპარლამენტო უმრავლესობის წევრ, ეკა ბესელიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ ისტერიული ფონი, ამავე სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებმა შექმნა.
მისი თქმით, გიორგი პაპუაშვილის მხრიდან განცხადებების კეთება მას შემდეგ დაიწყო, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიერ არ გაუქმდა საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომელიც აწესრიგებს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს.
"ისტერიული ფონი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებმა შექმნა. განცხადებების გადამოწმება დაიწყო პროკურატურაში და ჩვენ ვნახეთ შუალედური დასკვნა, რომ არც ერთი ის მოსამართლე, რომელიც გამოიკითხა, არ ადასტურებს ზეწოლის ფაქტს.
ეს განცხადება ბატონმა პაპუაშვილმა გააკეთა როგორც კი გადაწყვეტილება იყო მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიერ და არ გაუქმდა საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომელიც აწესრიგებს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ნახა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რომ დაკარგა კონტროლი იმ მოსამართლეებზე, რომლებსაც მიიჩნევდა, რომ იყვნენ თავისი ზეგავლენის ქვეშ და ამის შემდეგ კეთდება მისი მხრიდან განცხადებები, რომელმაც მიიღო სახე, რომ ეს არის სრულიად იდენტური "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებებთან.
ახლა გამოიკვეთა სხვა რამ - ხუთი მოსამართლე ძალიან სერიოზულ კანონდარღვევებზე საუბრობს. კაბელების საქმეზე, "რუსთავი 2"- ის საქმესა და უგულავას საქმეზე თურმე ხდებოდა სარჩელების შეცვლა და საარჩელო მოთხოვნა იცვლებოდა, ერთიდაიგივე ნომრით რეგისტრირდებოდა სარჩელები, სხვადასხვა მოცულობის, ეს ნიშნავს, რომ კანონს არღვევდა ძალიან უხეშად კონკრეტული პირი, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარის გარეშე ვერ იმოქმედებდა. ყველა ეს საქმე პირველ კოლეგიაში ხვდებოდა, სადაც არიან სამი მოსამართლე, რომლებიც აკეთებენ განცხადებებს დანარჩენი ხუთი მოსამართლის წინააღმდეგ.
ხუთმა მოსამართლემ, რომელიც დღეს დიპკორპუსს ხვდება, გამოააშკარავეს ის პრობლემები, რომელიც რეალურად არსებობდა დიდი ხნის განმავლობაში. ვიდრე არ გამოიკვეთება, ვის მიერ იყო ჩადენილი უკანონო ქმედებები, კითხვები, უნდობლობა და ეჭვები იქნება საზოგადოების მხრიდან და ამით მთლიანად ზიანდება საკონსტიტუციო სასამართლოს იმიჯი და ავტორიტეტი", - განაცხადა ბესელიამ "2030"-ის ეთერში.
მისი თქმით, პროცესები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა პოლიტიკურ სიბრტყეში გადაიტანა.
ვცდილობდით, რომ თავშეკავებულად გვესაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოზე, რომელსაც ახლაც ვინარჩუნებთ. უნდათ, რომ გააუბრლოონ ეს მძიმე ფაქტები და ისევ მათ გააგრძელონ საქმების განხილვა, რომელზეც საზოგადოებას კითხვები აქვს. ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ ომს და საკონსტიტუციო რევოლუციის სცენარს, რომელიც იყო დაწერილი და ვერ შეძლეს განხორციელება", - განაცხადა ბესელიამ "2030" - ის ეთერში საუბრისას.