დავკარგე ოპტიმიზმი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არსებულ შემადგენლობაში და არსებულ ვითარებაში რაიმე სასიკეთო მოხდება, ამიტომ მოუთმენლად ველი სექტემბერს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განუცხადა.
უსუფაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში შექმნილ ვითარებას ”კრიზისულს” უწოდებს და აცხადებს, რომ ის დიდი საფრთხის შემცველია.
”არ გვინდა ამ აურზაურის გამო არაკონსტიტუციურად რაიმე ისეთი კანონი გამოგვიცხადონ, რომელიც ამას არ იმსახურებს. ამასობაში, საკონსტიტუციო სასამართლოს ძალიან დიდი ფუნქციები აქვს არჩევნებთან დაკავშირებითაც და მისი გამართული მუშაობა სახელმწიფო სისტემის გამართულად მუშაობისთვის აუცილებელი პირობაა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე ოპტიმიზმი დავკარგე იმასთან დაკავშირებით, რომ არსებულ შემადგენლობაში და არსებულ ვითარებაში რაიმე სასიკეთო მოხდება, ამიტომ მოუთმენლად ველი სექტემბერს, როცა ოთხ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა გაუვა და მათ ადგილზე ახალი მოსამართლეები დაინიშნებიან. ამ პროცესში პრეზიდენტი, პარლამენტი და უზენაესი სასამართლო იქნება ჩართული და მე უფრო აქეთ ვიყურები. ყველა ჩემს კოლეგას მივმართავ, იმაზე უფრო მეტად ვიფიქროთ, რომ სასამართლოში პროფესიონალი, კვალიფიციური, გაწონასწორებული და პრინციპული ადამიანები დავნიშნოთ. ცხრიდან ოთხი ახალი მოსამართლის დანიშვნით სასამართლო წელში გაიმართება. სხვა გამოსავალს და ჯადოსნურ ჯოხს ვერსად ვხედავ. ვითვლი დღეებს, რომ მოვიდეს სექტემბერი, როცა იქ ახალი ხალხი შევა. იქნებ მანამდე ეს დრო დიდი უბედურებების გარეშე გავიაროთ”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.