"ევროკავშირში კარგად ესმით, რომ თურქეთის გამო საქართველოს დასჯა სამართლიანი არ იქნებოდა"

პოლიტოლოგები თურქეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის პროცესის შეჩერებას გამორიცხავენ.

პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას განცხადებით, ევროკავშირი მოერიდება ანკარის გაღიზიანებას და თურქეთის სავიზო ლიბერალიზაციის საკითხის გაჭიანურებასთან ერთად შეიძლება გაჭიანურდეს საქართველოს საკითხიც.

"თუმცა ევროკავშირში კარგად ესმით, რომ საქართველოს, ასე ვთქვათ, დასჯა, თურქეთთან, უკრაინასთან ან რომელიმე სხვა ქვეყანასთან დაკავშირებული ინტერესების გამო, არ იქნებოდა სამართლიანი და ეს იქნებოდა არასწორი გზავნილი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართული ქვეყნებისთვის“, – განუცხადა "რადიო თავისუფლებას" კორნელი კაკაჩიამ.

ექსპერტი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში გიორგი გობრონიძე კი აცხადებს, რომ მართალია, მიგრანტთა უკან გაყვანის შეთანხმება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპისთვის, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ბრიუსელმა ანგარიში გაუწიოს ულტიმატუმის ენაზე მოლაპარაკე ანკარას.

ექსპერტის ვარაუდით, საბოლოო ჯამში, თურქეთს მოუწევს რიტორიკის შერბილება და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი ევროკავშირის დათმობა სავიზო საკითხთან დაკავშირებით.

სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით თურქეთმა ევროკავშირს ულტიმატუმი წაუყენა და უვიზო მიმოსვლის მიღების უკანასკნელ ვადად ოქტომბრის პირველი ნახევარი დაასახელა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანკარა უარს იტყვის მიგრანტთა კრიზისის მოსაგვარებლად ამოქმედებულ მექანიზმზე.

საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას სექტემბრის მეორე ნახევარში ელოდება.