უგულავა-კაბელების გაერთიანებული სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეების არ გამოცხადების გამო გადაიდო. საქმის ადვოკატები მოსამართლეების არ გამოცხადებას საბოტაჟს უწოდებენ.
როგორც ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საკითხმა "პოლიტიკურ სიბრტყეში" გადაინაცვლა და საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, საერთაშორისო ორგანიზაციები ფაქტით უნდა დაინტერესდნენ.
"ყველა გარემოება გვიჩვენებს, რომ ადგილი აქვს საკითხის პოლიტიკურ სიბრტყეში გადატანას. დღეს მოვედით სასამართლო სხდომაზე და იმის ნაცვლად, რომ მოსამართლეები გამოცხადებულიყვნენ სასამართლოში და თუ რაიმე გასარკვევი იყო აქ გაერკვიათ, რამდენიმე მოსამართლე არიდებს თავს და რეალურად საბოტაჟს უცხადებს საქმის წარმოებას, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ პროცესთან. მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ დაინტერესდნენ საქმით. სრულ უმსგავსობასთან გვაქვს საქმე, მოსამართლეები ემალებიან სასამართლოს", - აღნიშნა იოსებ ბარათაშვილმა.
ადვოკატი ბექა ბასილაია მოსამართლეებს სხდომაზე არ გამოცხადების გამო აკრიტიკებს. მისი განცხადებით, ზოგიერთი მოსამართლე "30 ვერცხლად გაიყიდა".
"ბიძინა ივანიშვილის დავალებით, საკონსტიტუციო სასამართლოს რიგი მოსამართლეები იხდიან მანტიებს და უარს აცხადებენ თავის უფლებამოსილების განხორციელებაზე. ისინი უარს ამბობენ სამოსამართლეო ეთიკაზე, ადამიანურ ღირსებაზე. ეს არის სამარცხვინო პრეცენდენტი, არა მხოლოდ ქართულ არამედ ზოგადად, საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ისტორიაში. რიგი მოსამართლეები, ბატონი სიჭინავა, ბატონი ტურავა თითიდან გამოწოვილი მიზეზებით ცდილობდნენ შეექმნათ გარკვეული მოსაზრება, რომ მათ მიერ სხდომის ჩაშლა დაკავშირებული იყო ლეგიტიმურ მიზნებთან. ფაქტია, რომ ამ მოსამართლეებმა მიიღეს ეს საქმეები წარმოებაში, ამ მოსამართლეების ხელში გაიარა განმწესრიგებელმა სხდომამ და ამ მოსამართლეებმა ჩანიშნეს დღევანდელი სხდომა. რა შეიცვალა, რატომ არ გამოცხადდნენ? იმიტომ, რომ 30 ვერცხლად გაიყიდნენ, ნამუსზე ხელი აიღეს და უკვე ამ ადამიანებს არათუ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად, უბრალოდ ნამუსიან ადამიანებადაც ვერ დავინახავთ და მათ მიერ მომავალში მიღებული განცხადება იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ. სამწუხაოა, რომ საკონსტიტუციო მართლმსაჯულებას საქართველში წყალი შეუყენეს", - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ჩანიშნული არსებითი განხილვის სხდომა N740-ე და N764-ე კონსტიტუციურ სარჩელებზე - „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ გადაიდო საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის შემადგენლობის კვორუმის არარსებობის გამო.
მხარეები პროცესის დაწყებას საათნახევრის განმავლობაში ელოდებოდნენ.