ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის დიდ პატივს სცემს საია-ს და იხსენებს, რის საფუძველზე ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა.
სააკაშვილის თქმით, ის გაკვირვებულია, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელსაც ნამდვილად დიდ პატივს სცემს, აქვს იმდენი დრო და რესურსი, რომ საქართველოში არსებული სრულიად უკანონო ვითარების ფონზე, როდესაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ილახება ადამიანების უფლებები, აქვს დრო, აანალიზოს მისი გამოსვლები და მიმართვები.
"ცოტათი მიკვირს, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელსაც ნამდვილად დიდ პატივს ვცემ, აქვს იმდენი დრო და რესურსი, რომ საქართველოში არსებული სრულიად უკანონო ვითარების ფონზე, როდესაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ილახება ადამიანების უფლებები, აშინებენ მოსამართლეებს და ხდება მოქალაქეების დატერორება, აანალიზოს ჩემი გამოსვლები და მიმართვები. გთხოვთ, გაიხსენოთ, რის საფუძველზე ჩამომერთვა მოქალაქეობა და ჩაუღრმავდეთ ამ გადაწყვეტილების ნამდვილ მიზეზებს. კანონი უზენაესია ჩემთვის, თუმცა, ოთარ ჭილაძის ფრაზა მახსენდება: "მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია", სადაც არ უნდა ვიყო, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ვმოღვაწეობდე, მე ვრჩები ჩემი ქვეყნის ერთგული. საქართველოს მოქალაქეობა რუსი ოლიგარქის მარიონეტების მიერ ხელმოწერილი ფარატინა დოკუმენტით არ განისაზღვრება. ვერანაირი ჯარიმა ვერ შემაშინებს, რომ ვებრძოლო იმ დიდ უსამართლობას, რომელიც ახლა ჩვენს სამშობლოშია",-წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას მიმართავს და მოუწოდებს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დააჯარიმოს.
საია-ში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა 31 ივლისს "ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე, ბათუმის მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვით წინასაარჩევნო აგიტაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა დაარღვია.
კერძოდ კი, როგორც საია-ში განმარტავენ, "საარჩევნო კოდექსის" თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს.