"სასამართლოს ვერავინ განუსაზღვრავს დღის წესრიგს, ყველამ გაიგოს, ვერავინ მიგვითითებს რას და როგორ გავაკეთებთ"

სასამართლოს ვერავინ განუსაზღვრავს დღის წესრიგს, ყველამ გაიგოს, ვერავინ მიგვითითებს რას და როგორ გავაკეთებთ, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ოთარ სიჭინავამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს მართლმსაჯელების განხორციელებას ”სხვა საქმეებზე”. რაც შეეხება დღეს ჩანიშნულ პროცესებს გახმაურებულ საქმეებზე, როგორც სიჭინავამ განმარტა, თავმჯდომარემ იცოდა, რომ მოსამართლეები აღნიშნულ პროცესზე დასწრებას არ აპირებდნენ, სასამართლოს ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო.

”ბათუმში ჩავალთ და შევთანხმდებით, როდის მოხდება საქმეების ჩანიშვნა. ამ საქმეებზე მიუღებლად ჩავთვალეთ დასწრება. სასამართლოს ვერავინ ვერასდროს განუსაზღვრავს დღის წესრიგს. სავარაუდოდ, მე ვფიქრობ, პლენუმი დღეს, ხვალ, ან ამ დღეებში შეიკრიბება და ცხრავე მოსამართლე გადავწყვეტთ თუ რას ვშვრებით.

ზოგადად, სასამართლოს ირგვლივ შქმნილი ვითარება არაჯანსაღია, თუმცა ჩვენს გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერავინ მოახდენს. ვერავინ მიგვითითებს რა როგორ გავაკეთოთ, მიუხედავად იმისა თუ ვის რა მოსწონს და ვის რა არ მოსწონს. არც პოლიტიკოსების აზრები გვაინტერესებს და არც მასმედიის დამოკიდებულება”, -განაცხადა სიჭინავამ.

კითხვაზე, დღეს გასამართი პროცესების ჩანიშვნაში მიიღო თუ არა მონაწილეობა, სიჭინავამ აღნიშნა, რომ მიიღო, თუმცა, მისი განმარტებით, ეს დიდი ხნის წინ მოხდა და განცხადებები ამის შემდეგ გაკეთდა. რაც შეეხება პროკუტურის მიერ გაკეთებულ განცხადებას და შუალედურ დასკვნას, რომელშიც ნათქვამია, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა არ დასტურება, სიჭინავამ აღნიშნა, რომ გიორგი პაპუაშვილი ”გამოკითხული არ არის”.

”ჩვენი ამოცანა არ იყო, რომ საგამოძიებო ორგანოებს დაეწყოთ აქტიურობა აღნიშნულიდან გამომდინარე, მაგრამ გამოძიება დაიწყო გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და ეს კარგია, დანარჩენს თავად გადავწყვეტთ”, - აღნიშნა სიჭინავამ. რაც შეეხება ადვოკატების ბრალდებებს იმის შესახებ, რომ მოსამართლეების მხრიდან საქმეების განხილვა სპეციალურად ჩაიშალა, ოთარ სიჭინავამ უპასუხა, რომ ადვოკატები მხარეთა წარმომადგენლები არიან, თავიანთი ინტერესები აქვთ და მოსამართლის კომპეტენციაში მათი პასუხი არ შედის.

დღეს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა უნდა გაიმართოს, სადაც ე.წ. კაბელების საქმის და გიგი უგულავას საქმის განხილვა უნდა შედგეს. პროცესის გასამართად სხდომას მინიმუმ 6 მოსამართლე წევრი უნდა დაესწროს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრი მოსამართლე თბილისში იმყოფება და ამ წუთებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს.