საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო პოლიტიკური დაპირისპირებებისგან მაქსიმალურად შორს უნდა იყოს.
პრემიერი აცხადებს, რომ ზოგიერთებმა მოწოდებები, რომ დაპირისპირებები აღარ უნდა იყოს ბოლშევიკურად ჩათვალეს, რაც მისი თქმით, ასე არ არის.
"ჩვენ ყველანი ერთი ქვეყნის შვილები ვართ და თავდაცვის სამინისტრო უნდა იყოს მაქსიმალურად შორს პოლიტიკური დაპირისპირებებისგან. საერთოდ, მგონია, რომ ქვეყანაში ეს დაპირისპირებები უნდა დასრულდეს. რატომღაც, ზოგიერთებმა ჩემი ასეთი მოწოდებები, რომ ერთმანეთს აღარ დავუპირისპირდეთ, ბოლშევიკურად ჩათვალეს, მაგრამ მგონია, ყველა თქვენთაგანი დარწმუნებულია, რომ ეს ასე არ არის. მე მინდა, ჩვენი ქვეყანა დამშვიდდეს, დაწყნარდეს, დამთავრდეს ქვეყნის პოლარიზაცია და მოხდეს საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი და თავდაცვის უწყება არის ის უწყება, სადაც ყველაზე მეტად უნდა იგრძნობოდეს ქვეყნის ერთიანობა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის უკვე მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება იყო, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებზე ერთპარტიულად წარმსდგარიყო.
ამის შესახებ მან ჯერ კიდევ მინისტრის რანგში, ტელეკომპანიას "იმედის" ეთერში, 30 ივცლისს ისაუბრა.
"მთავრობის წევრი ვიყავი, რომელსაც ხელმძღვანელი ჰყავს. პრემიერის გადაწყვეტილება იყო, რომ ქვეყანაში, სადაც არჩევნები კოალიციამ მოიგო და ქვეყანას მართავდა კოალიცია, შემდეგ აღმოჩნდა, რომ პროზაული დასასრული გამოვიდა, სადაც ერთ ძლიერ პარტიაზე უნდა გადავწყობილიყავით ყველანი. ჩემთვის ეს იყო მიუღებელი წინადადება. შესაბამისად, მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. ჩემთვის მისაღები ვარიანტი ის იყო, რაც ყველა ცივილიზებულ და დემოკრატიულ ქვეყანაშია - როდესაც კოალიციები, არჩევნებიდან არჩევნების ბოლო დღემდე, კოალიციურ რეჟიმში არიან. ეს არის ევროპა - ყველა დანარჩენი ბოლშევიზმია“, - აღნიშნა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.