გადაიდება თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოში უგულავა-კაბელების გაერთიანებული საქმის განხილვა ჯერ ისევ უცნობია. საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე მივიდა პირველი კოლეგიის მოსამართლე ქეთევან ერემაძე, რომელმაც ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ თუ იქნება ქვორუმი, სხდომა გაიმართება.
აღნიშნულ საქმეზე სხდომა 12:00 საათზე უნდა განახლდეს.
არსებული ინფორმაციით, მინიმუმ სამი მოსამართლე ამ დროისთვის თბილისში იმყოფება და ისინი ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში მისვლას სხდომის დაწყებამდე ვერ შეძლებენ. ამასთან, სხდომის განახლებისთვის მინიმუმ 6 მოსამართლის დასწრება არის აუცილებელი. პლენუმის შემადგენლობა კი 9 მოსამართლით არის დაკომპლექტებული.
ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატი ლევან სამუშია იმედს გამოთქვამს, რომ სხდომის განახლება შესაძლებელი იქნება.
"მიჭირს დაჯერება, რომ შესაძლებელია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა შეაფერხონ და ჩაშალონ სამართალწარმოება ქვეყანაში. იმედია ეს არ მოხდება და თუ არ მოვლენ მოსამართლეები, ეს იქნება სამარცხვინო ფაქტი ქვეყნის სამართალწარმოების ისტორიაში", - აღნიშნა ლევან სამუშიამ.
ამასთან, "ინტერპრესნიუსის" წყაროს ინფორმაციით, პლენუმის 9 მოსამართლიდან პროცესის განახლებას უფრო ნაკლები მომხრე ჰყავს, ვიდრე მოწინააღმდეგე.