დევნილთა მინისტრ სოზარ სუბარისთვის თავდაცვის მინისტრად ლევან იზორიას დანიშვნის თაობაზე ამავე უწყების ყოფილი ხელმძღვანელის, თინა ხიდაშელის შეფასება გაუგებარია.
როგორც სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაცვის ასევე ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანიაც თავის დროზე უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო.
„ცოტა ვერ გავიგე მაგალითი, როდესაც ქალბატონმა თინამ გააკეთა დაპირისპირება - ალასანია იზორიას შორის, იმიტომ რომ ალასანია, კარგად გვახსოვს, იყო უშიშროების მინისტრის მოადგილე თავის დროზე, თუ არ ვცდები საკმაოდ მაღალი ჩინი ჰქონდა - პოლკოვნიკი თუ გენერალია... თუმცა, ეს მიმაჩნია რომ არის პლუსი და არა მინუსი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
რაც შეეხება უშუალოდ ლევან იზორიას, დევნილთა მინისტრს პრემიერის არჩევანი მოსწონს და როგორც აცხადებს, იზოარია ძალიან დიდი პოლიტიკური გამოცდილების მქონე პირია.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი მის შემცვლელად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან იზორიას დანიშვნას „შეცდომას“ უწოდებს.
როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაცვის სამინისტრო სამოქალაქო უწყებაა და მის ხელმძღვანელად უშიშროების სამსახურის კადრის დანიშვნა პარტნიორებისთვის ცუდი სიგნალი იქნება.
„მე ვფიქრობ, რომ მთავარ შეცდომას უშვებს დღეს პრემიერ-მინისტრი. თავდაცვის სამინისტრო ეს არის უწყება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია როგორც საგარეო ურთიერთობებში, ასევე საქართველოს ინტეგრაციის გზაზე. რატომ არის აკრძალული, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყოს, მაგალითად, სამხედრო და ეს არ არის მხოლოდ ის, რომ მაინცდამაინც ვარსკვლავები არ უნდა ეკეთოს? - ეს არის სამოქალაქო უწყება და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდი გზავნილია ყველასთვის, როგორც ჩვენი პარტნიორებისთვის, ისე ქვეყნის შიგნით. ჯერ ალასანია - სამოქალაქო, გახსნილი მინისტრი ჩაანაცვლა უშიშროებამ და შემდეგ ხიდაშელი ჩაანაცვლა უშიშროებამ. ეს ცუდი ტენდენციაა. მე არ ვიცი, რა მიზანს ემსახურება, მაგრამ შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ ეს არის ძალიან ცუდი ტენდენციის მანიშნებელი“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.