სახელმწიფო მინისტრმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს გამოცხადებული ნდობისათვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციაზე და სფეროში ხელისუფლება გააგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებას, რადგან მშვიდობა არის აუცილებელი პირობა კონფლიქტების მდგრადი მოგვარების და ქვეყნის განვითარების.
"გავაგრძელებთ პოლიტიკას, რომელიც ხშირად არ არის ხმამაღალ რიტორიკაზე მიმართული, არამედ საქმეზე ორიენტირებული. ამ პოლიტიკის წყალობით, შევძელით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შეგვენარჩუნებინა მშვიდობა ძალიან რთულ გარემოში. მყარი არაღიარების პოლიტიკა და ამავდროულად, დაგვეძრა სამშვიდობო პროცესი.
ამ მიმართულებით, კიდევ უფრო დინამიურ ნაბიჯებს გადავდგამთ. გავაგრძელებთ ერთის მხრივ, დეოკუპაციის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, ხოლო მეორეს მხრივ, დიალოგის პოლიტიკას აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან მიმართებაში, რომელიც ნდობის მშენებლობასა და შერიგებაზეა ორიენტირებული.
ჩვენი მიზანი, ცხადია, გახლავთ ერთიანი საქართველო. ეს კიდევ, პირველ რიგში, გულისხმობს ხალხის გაერთიანებას და ჩვენი სამინისტრო ასევე ფუნქციონირებს მნიშვნელოვანი მეორე მიმართულებით, ვახორციელებთ თანასწორობის პოლიტიკას. 2015 წელს მივიღეთ ახალი სტრატეგია", - აღნიშნა ციხელაშვილმა.
მისი თქმით, 2020 წლამდე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სიახლეა დაგეგმილი.
"ბევრ ნაბიჯს გადავდგამთ იმისთვის, რომ ჩვენი მრავალფეროვნება რეალურად იქცეს ჩვენს სიმდიდრედ და განვითარების უნიკალურ წყაროდ. ეს იყოს გზავნილი თანამოქალაქეებისათვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში", - აღნიშნა ციხელაშვილმა.