ეს არის ძალიან ცუდი ტენდენციის მანიშნებელი

ეს არის ძალიან ცუდი ტენდენციის მანიშნებელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი მის შემცვლელად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან იზორიას დანიშვნას შეცდომად აფასებს.

ცნობისთვის, დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ახალი მინისტრები წარადგინა.

"მთავარ შეცდომას უშვებს დღეს პრემიერ-მინისტრი. თავდაცვის სამინისტრო ეს არის უწყება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია როგორც საგარეო ურთიერთობებში, ასევე საქართველოს ინტეგრაციის გზაზე.

რატომ არის აკრძალული, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყოს, მაგალითად, სამხედრო და ეს არ არის მხოლოდ ის, რომ მაინცდამაინც, ვარსკვლავები არ უნდა ეკეთოს? - ეს არის სამოქალაქო უწყება და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდი გზავნილია ყველასთვის, როგორც ჩვენი პარტნიორებისთვის, ისე ქვეყნის შიგნით.

ჯერ ალასანია - სამოქალაქო, გახსნილი მინისტრი ჩაანაცვლა უშიშროებამ და შემდეგ ხიდაშელი ჩაანაცვლა უშიშროებამ.  ეს ცუდი ტენდენციაა.

არ ვიცი, რა მიზანს ემსახურება, მაგრამ შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ ეს არის ძალიან ცუდი ტენდენციის მანიშნებელი", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თინათინ ხიდაშელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მოადგილე ლევან იზორია შეცვლის, პაატა ზაქარეიშვილს - ქეთი ციხელაშვილი, რომელიც ამავე უწყებაში მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობი დღეს ოფიციალურად დატოვეს თინათინ ხიდაშელმა და პაატა ზაქერეიშვილმა.