თუკი დადასტურდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობა წინასაარჩევნო აგიტაციაში, პირი 2 000 ლარით დაჯარიმდება

თუკი დადასტურდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობა წინასაარჩევნო აგიტაციაში, პირი 2 000 ლარით დაჯარიმდება

საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, თუკი დადასტურდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობა წინასაარჩევნო აგიტაციაში პირი 2 000 ლარით დაჯარიმდება, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარემ პარმენ ჯალაღონიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბათუმის მოსახლეობისადმი გაკეთებული ვიდეო მიმართვის გამო უსკო-ში შესული საჩივრის შესახებ განაცხადა.

პარმენ ჯალაღონიას განმარტებით, საია-ს საჩივარს განიხილავს უსკო და დაიწყებს ადმინისტრაციულ წარმოებას, რის შემდეგაც კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული იქნება გადაწყვეტილება. ჯალაღონიას განმარტებით, აღნიშნული განცხადება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც არის წარდგენილი:

„დღეს აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში წარმოადგინეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება, რომელიც ეხება უცხო ქვეყნის მოქალაქის წინასაარჩევნო აგიტაციაში სავარაუდო მონაწილეობას. უსკო, კანონით დადგენილი ფორმით, რა თქმა უნდა, განიხილავს ამ განცხადებას. ამ შემთხვევაში რამდენიმე ფაქტზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. ვიდეომიმართვის გავრცელება ჩაითვლება თუ არა შესაბამისი პირის მონაწილეობად წინასაარჩევნო აგიტაციაში. ჩაეთვლება თუ არა პოლიტიკურ პარტიას წინასაარჩევნო აგიტაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩართვად ვიდეომიმართვის გავრცელება და არის თუ არა ამ შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქე სამართალდარღვევის სუბიექტი. მოქმედი კანონდმებლობით, შესაბამისი განცხადების განხილვისა და შესაბამისი სანქციის გამოყენების უფლება აქვს საოლქო საარჩევნო კომისიას და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას“, - აღნიშნა პარმენ ჯალაღონიამ.

ბათუმში, გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შეხვედრაზე, სადაც საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიდეო მიმართვაც უჩვენეს, სადაც ყოფილმა პრეზიდენტმა მოსახლეობას მხარდაჭერის თხოვნით მიმართა.