თბილისის ყოფილი მერი ნიკო ლეკიშვილი საპარლამენტო არჩევნებში დიდუბის მე-15 ოლქში კენჭს აღარ იყრის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნიკო ლეკიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დიდუბის მე-15 ოლქში მისი კანდიდატურა შესთავაზა, თუმცა პარტიის რამდენიმე ლიდერი მისი კანდიდატურის წინააღმდეგ წავიდა.
„მე მესმის, რომ არის პარტიული ინტერესები, ამოცანები, მაგრამ ჩემთვის ის აღმოჩნდა მოულოდნელი, რომ ჩემთვის ახლობელი ადამიანები წავიდნენ ამის წინააღმდეგი. მოკლედ, ეს საკითხი გამოირიცხა“, - განაცხადა ლეკიშვილმა.
თბილისის ყოფილი მერის განმარტებით, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ლიდერებისგან მას შეთავაზებები ჰქონდა. ასევე, ლეკიშვილის თქმით, გარკვეულმა ბიზნესჯგუფებმა მისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსების სურვილივ გამოთქვეს, თუმცა ფიქრის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს.
„პირველ რიგში, ეს განპირობებულია ჩემი პირადი შეხედულებებითა და დამოკიდებულებებით ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ; გიორგი კვირიკაშვილის მიმართ, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანია და ქვეყნისთვის საჭიროა, რომ მან გააგრძელოს თავისი მოღვაწეობა და მიიყვანოს საქმე ბოლომდე. ნებისმიერი ფორმით ჩემი არჩევნებში მონაწილეობა, რა შედეგიც არ უნდა დამდგარიყო მაინც ბევრ უხერხულობას შექმნიდა და ამიტომაც ვიღებ ამ გადაწყვეტილებას. ყველგან, სადაც საჭირო იქნება, ამ ადამიანების გვერდით ვიქნები, არჩევნების პერიოდში, ნებისმიერ რაიონში თუ ქალაქში“, - განაცხადა ლეკიშვილმა.
ამასთან, მან ისაუბრა იმაზეც, თუ რის განხორციელებას აპირებდი დეპუტატად გახდომის შემთხვევაში.
„დავასრულებდი გოფილექტის ბაღის სამუშაოებს, ვუზრუნველვყოფდი საზაფხულო თეატრის აღდგენას; დავასრულებდი არტოს ბაღში ხალხური მუსიკის ცენტრის სამუშაოებს. კერძოდ, უნიკალური საკონცერტო დარბაზის რეკონსტრუქციას; ვუზრუნველვყოფდი ყოფილ რკინიგზელთა სახლში მუსიკალური ცენტრის რეკონსტრუციას; მოვაგვარებდი თოჯინების თეატრისთვის შენობის საკითხს; დავიწყებდი პროექტის განხორციელებას ვახუშტის ხიდიდან ნაძალადევში გადასასვლელი გზის გაყვანის თაობაზე; რაჭის განვითარების თვალსაზრისით შევქმნიდი შაორის, უწერის, შოვის განვითარების კონცეფციას და დავიწყებდი მის განხორციელებას; რაჭა, ლეჩხუმ-სვანეთის მინერალური რესურსების გამოყენების ეფექტურობას; აღვადგენდი ორ გაუქმებულ კანონს: 1) სპორტული მოედნების, ნაგებობების, კულტურული ობიექტების პროფილის შეცვლის აკრძლავის შესახებ;
2) ადგილწარმოშობის ღვინოების შესახებ პრიორიტეტული, ევროპული რეგულაციების ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ეს არის მოკლე ჩამონათვალი, რასაც არჩევის შემთხვევაში გავაკეთებდი. ვნახოთ, რას გააკეთებს ის, ვინც იქნება „პლეხანოველების“ წარმომადგენელი და მათი ინტერსების გამტარებელი პარლამენტში. მე კი ვეცდები ეს საკითხები სხვა სივრცეში გადავიტანო“, - აღნიშნა ლეკიშვილმა.