საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების შეხვედრა "ქორთიარდ მარიოტში" გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას გარეშე მიმდინარეობს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შეხვედრის მონაწილეებმა განუცხადეს, შეხვედრაზე პოლიტიკური რეკლამის საფასურის წინასწარ გადახდის ვალდებულებასთან დაკავშირებით გენერალური აუდიტორის მიერ გამოცემულ ბრძანებულებაზე მსჯელობენ, რა კონტექსტშიც „ქორთიარდ მარიოტში“ თავად ლაშა თორდიაც მიიწვიეს, თუმცა ის შეხვედრაზე არ მისულა.
ამასთან, ოპოზიციურმა პარტებმა ერთობლივი განცხადებაც შეიმუშავეს, რომლითაც გენერალური აუდიტორის აღნიშნულ ბრძანებულებას აპროტესტებენ.
„ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„საქართველოში მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაციები, მათ შორის საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიები ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მიერ 2016 წლის 5 მაისის ბრძანებულება. აღნიშნული ბრძანებით დამტკიცდა პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობოს მარეგულირებელი წესი. ბრძანების მე-10 მუხლი ახლებურად არეგულირებს პოლიტიკური რეკლამის შესყიდვის წესს და ადგენს, რომ პოლიტიკური რეკლამის შესყიდვა (ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი, გაზეთი, გარე რეკლამა), განსხვავებით ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებელი წესისა, უნდა განხორციელდეს წინასწარი ანგარიშწორების წესით. ბრძანება გამოიცა 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ და არსებითად აუარესებს ყველა ან თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიიდ მდგომარეობას. წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს ეფექტური საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად სჭირდებათ სერიოზული ფინანსური სახსრების მობილიზება, რაც დაკავშირებულია მთელ რიგ სირთულეებთან. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანებით დადგენილი წესი წარმოადგენს დამატებით ბარიერს პოლიტიკური პარტიებისთვის, რადგან იგი უზღუდავს პარტიებს შესაძლებლობას, პოლიტიკური რეკლამის შესყიდვა განახორციელოს მათთვის მოსახერხებელი წესით. ბრძანების სადავო ნორმა წარმოადგენს პოლიტიკური პარტიებისა და კერძო კომპანიებს შორის ურთიერთობაში გაუმართლებელ ჩარევას. აღნიშნული პირდაპირ აუარესებს საარჩევნო გარემოსა და ემსახურება მხოლოდ იმ პარტიებისთვის პრივილიგირებული გარემოს შექმნას, რომელთაც აქვთ დიდი ფინანსური რესურსი.
იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელსაც აკეთებს ხელისუფლება სამართლიანი არჩევნების ჩატარების სურვილთან დაკავშირებით, იმედს ვიტოცებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება არ წარმოადგენს პარტიების საქმიანობის ხელისშემშლელ გამიზნულ ქმედებას.
ოპოზიციური პარტიები მოვითხოვთ, მაქსიმალურად სწრაფად შეიცვალოს პოლიტიკური რეკლამის შესყიდვის ხსენებული ბრძანებით დადგენილი წესი. აღნიშნული მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პარტიებისთვის დამატებითი, ხელოვნური ბარიერების მოხსნას, მათ ნორმალურ ფუნქციონირებასა და საარჩევნო კამპანიის ეფექტურად ჩატარებას",- ნათქვამია განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: "ახალი მემარჯვენეები", "გაერთიანებულო დემოკრატიული მოძრაობა", "ევროპელი დემოკრატები", "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", "ეროვნული ფორუმი", "თავისუფალი დემოკრატები", "თავისუფალი საქართველო", "თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა", "ლეიბორისტული პარტია", "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", "რეფორმატორები", "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", "სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის", "ტრადიციონალისტთა კავშირი", "ქართული დასი", "ქრისტიან-დემოკრატიული პარტია" და "ძალოვან ვეტერანთა პოლიტიკური მოძრაობა".