საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპეციალური კომისია რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებში რუსი სპორტსმენების მონაწილეობის საკითხს 5 აგვისტოსთვის გადაწყვეტს.
„ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, კომისიაში 3 წევრი იქნება, რომელთაგან ერთ-ერთი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექს-პრეზიდენტი ხუან ანტონიო სამარანჩი, მშვილდიდან სროლის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი უგურ ერდენერი და ათლეტიკური კომისიის წარმომადგენელი კლაუდია ბოკელია.
ოლიმპიური კომიტეტის პრეს-მდივნის განმარტებით, სწორედ ეს ადამიანები მიიღებენ გადაწყვეტილებას.
დოპინგის სკანდალი, რომელშიც რუსეთის ოლიმპიური ნაკრები გაეხვა, უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. მსოფლიო ანტი-დოპინგურმა სააგენტო WADA-მ ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელ კომისიას ყველა რუსი სპორტსმენის დისკვალიფიკაცია მოსთხოვა. მიუხედავად ამისა, კომისიამ კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღო. სპორტსმენებს, რომლებსაც დოპინგის მოხმარებასთან უშუალო კავშირი აქვს ოლიმპიადაზე არ დაუშვებენ, თუმცა კომპრომისის სახით სპორტულ ფედერაციებს ერთეული სპორტსმენების შერჩევის უფლება მიენიჭა.