ჩემი გადადგომა

ჩემი გადადგომა "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება იყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მას დამოუკიდებლად არ მიუღია და ეს პარტია "ქართული ოცნების" სურვილი იყო.

"ქრონიკის სტუდიის" პირდაპირ ეთერში თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ის ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებს და ორშაბათამდე, პარტიული გეგმების შესახებ საუბარს არ აპირებს.

"ასეთ გადაწყვეტილებებს თავდაცვის მინისტრები არ იღებენ. ყოველ შემთხვევაში, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პოლიტიკოსები არ იღებენ გადაწყვეტილებებს, რომ დღეს დილით ცუდ ხასიათზე გავიღვიძე და აღარ მინდა თავდაცვის მინისტრობა. 

ყველასთვის ცნობილია და სკანდალურ ნიუსს არ გეუბნებით, რომ ეს იყო პარტია "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება. მათ გადაწყვიტეს, რომ არჩევნებს ერთპარტიული მთავრობით უნდა შეხვედროდნენ. ეს ჩემთვის ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილებაა. მე მთავრობის წევრი ვიყავი, რომელსაც ხელმძღვანელი ჰყავს და პრემიერის გადაწყვეტილება იყო რომ ქვეყანაში, სადაც არჩევნები კოალიციამ მოიგო, სადაც ყველა გადაწყვეტილება იყო  კოალიციური, პროზაული დასასრული გამოვიდა, სადაც ისევ ერთ ძლიერ პარტიაზე უნდა გადავწყობილიყავით. ჩემთვის ეს ძალიან მიუღებელი იყო",- აღნიშნა თინა ხიდაშელმა.