თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში გარკვევა იმისა, საიდან აიტვირთა ვიდეომასალები არის ძალიან მარტივი, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში ფარული ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ეს საქმე მარტივად გამოსაძიებელია და ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს ის ფაქტი, რომ ამ საქმეზე პასუხი დღემდე არ არსებობს.
”ეს დანაშაული არ არის რთული გამოსაძიებელი. ეს არის დანაშაული, რომელზეც პასუხების მოძებნა არის ძალიან მარტივი. დღეს, 21-ე საუკუნეში, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, გარკვევა იმის საიდან აიტვირთა ეს ვიდეომასალები არის ძალიან მარტივი. როდესაც ამდენი თვე გადის და ჩვენ ამაზე პასუხი არ გვაქვს და ამის ნაცვლად, იმ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაზეც არის საუბარი, ვინც ზარ-ზეიმით დააკავეს თავიდან, რა თქმა უნდა, ეს ბადებს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს იმის შესახებ, რომ, სავარაუდოდ, სხვა სუბიექტური მიზეზები არსებობს ამ საქმის არ გამოძიების, უფრო სწორად, ამ საქმეზე საზოგადოებისთვის სიმართლის ართქმის. თუმცა, ეს ისეთი დანაშაულია, რომელიც საბოლოო ჯამში, საზოგადოებისთვის მაინც გახდება ცნობილი. რაც უფრო მალე გააკეთებს ამას შესაბამისი საგამოძიებო ორგანოები, რა თქმა უნდა, ამავე საგამოძიებო სისტემის, ამავე ხელისუფლების სიჯანსაღის მანიშნებელი იქნება. ასე ეგონა ყველა ხელისუფლებას, როდესაც მალავდა ხოლმე დანაშაულებს, როდესაც ხელს აფარებდა დამნაშავეებს, მაგრამ შემდეგ ეს გაცილებით უფრო რთული ფორმით უბრუნდებოდათ მათ, ვინც იყვნენ ამ საქმეების უკან. ამიტომ აქ ყველაფერი ძალიან მარტივია, ეს ყველაფერი დროის ამბავია. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ დღემდე ამბავზე, რომელმაც მთელი ქვეყანა რამდენიმე თვის განმავლობაში პანიკაში ამყოფა, საგამოძიებო ორგანოებს დღემდე პასუხი არ გაუციათ” , - განაცხადა თინა ხიდაშელმა.