გიორგი კვირიკაშვილი:   მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება

გიორგი კვირიკაშვილი: მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება

საქართველოსთვის მთა ბუნებრივი კარიბჭე და მცველია, იქ მცხოვრები თითოეული მოსახლე კი, ჩვენი სამშობლოს ნამდვილი მესაზღვრეა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, მცხეთაში მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის მცხეთა-მთიანეთში.

გიორგი კვირიკაშვილმა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებზე დეტალურად ისაუბრა. კერძოდ, ისეთ პროექტებზე, რომელთა განხორციელება მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია.

მისივე განცხადებით, „რეაბილიტაცია ჩაუტარდა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთს; აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა მრავალ სხვა გზასა და ხიდს, სასმელი წყლის სისტემებს, სანიაღვრე და ნაპირსამაგრ სისტემებს, წყალმომარაგებისა და სარწყავ სისტემებს; აშენდა და განახლდა საბავშვო ბაღები, სკოლები; გამრიცხველიანდა და 30 ათასზე მეტ ოჯახს სტაბილურად მიეწოდება ელექტროენერგია. „სინათლე ყველა სოფელს“ პროექტის ფარგლებში ელექტრიფიცირდა უშუქო სოფლები, წლის ბოლომდე კი, დასრულდება კიდევ რამდენიმე ათასამდე ოჯახის ელექტრიფიცირება; ბუნებრივი აირის ქსელში ჩაერთო 7 ათასამდე ოჯახი; წლის ბოლომდე კიდევ 1500-ზე მეტი ოჯახი ბუნებრივი აირის მომხმარებელი გახდება. მეწარმეების, გლეხებისა და ფერმერების დასახმარებლად ამოქმედედა რამდენიმე სახელმწიფო პროგრამა, რომელთა ფარგლებშიც გაიხსნა და გადაიარაღდა საწარმოები, დამუშავდა მიწები, მოსახლეობას უსასყიდლოდ გადაეცა სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი, სასუქი, სათესლე მასალა და მცენარეთა მოვლის საშუალებები.

„ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სარგებელი ნახოს ხალხმა, პირველ რიგში კი, ადგილობრივმა მოსახლეობამ. საქართველოსთვის მთა ბუნებრივი კარიბჭე და მცველია, იქ მცხოვრები თითოეული მოსახლე კი, ჩვენი სამშობლოს ნამდვილი მესაზღვრეა. ამიტომაც, მას განსაკუთრებული ყურადღება და პატრონობა სჭირდება ჩვენგან. ჩვენ, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მივაღწიოთ, რომ მთაში დაბრუნდეს ძირძველი მოსახლეობა და მთა არ დაცარიელდეს. მთის კანონის შემოღებით ჩვენ მნიშვნელოვანი დახმარება გავუწიეთ მთაში მცხოვრებ ჩვენს გმირ ხალხს. პირველი სექტემბრიდან დანამატებით ისარგებლებენ პენსიონრები, მასწავლებლები, ექიმები, ექთნები; საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ მეწარმეები; სოციალური პაკეტით უკვე სარგებლობენ ახალგაზრდა ოჯახები, მრავალშვილიანი ოჯახები. და კიდევ ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რომლითაც ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ, გახლავთ არხოტის 25-კილომეტრიანი გზის მშენებლობა. იცით, რომ პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი გზა აქამდე არ არსებობდა. ვისურვებდი, რომ არხოტისკენ სამანქანო გზის გაჭრა, მთაში დაბრუნების სიმბოლოდ იქცეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.