“ამბასადორიალი 2016” პრემიერ-მინისტრთან შემაჯამებელი შეხვედრით დასრულდა

“ამბასადორიალი 2016” პრემიერ-მინისტრთან შემაჯამებელი შეხვედრით დასრულდა

“ამბასადორიალი 2016” პრემიერ-მინისტრთან შემაჯამებელი შეხვედრით დასრულდა.საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა 4-დღიანი შეხვედრის ფარგლებში, სამუშაო სესიებზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე, ასევე, დემოკრატიულ განვითარების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, კულტურული და ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებზე იმსჯელეს. ამბასადორიალის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ბიზნესწრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ამბასადორიალის მონაწილეებს, ასევე, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სუჯატა მეჰტამ მიმართეს.

საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის თქმით, ამბასადორიალის 4-დღიანი ფორმატი გამოიყენეს, ერთი მხრივ, საქართველოს მისიებისთვის საზღვარგარეთ მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდებისთვის, მეორე მხრივ, იმ რეფორმებზე სასაუბროდ, რომლებიც საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს.

„პრემიერ-მინისტრთან შემაჯამებელი შეხვედრით დასრულდა შინაარსობრივად და ფორმატებით ძალიან დატვირთული ოთხი დღე. დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებმა მთავრობის მეთაურისგან მიიღეს ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ, პრემიერ-მინისტრის ხედვების შესახებ საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების კუთხით, ასევე, განვიხილეთ მისიების როლი ქვეყანაში რეფორმების განხორციელების ხელშეწყობის კუთხით და განხორციელებული რეფორმების მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაცია. ეს იყო ძალიან შინაარსობრივი დისკუსია, მომავალი წლისთვის სამოქმედო გეგმების დეტალური განხილვა. ჩვენ ამბასადორიალის ფარგლებში შევქმენით პრეცედენტი, რომ ჩვენი მისიების ხელმძღვანელებს მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა მივეცით ყველა აქტორთან, შეხვედრები გაიმართა სამოქალაქო საზოგადოებასთან, ყველა შესაბამის სამინისტროსთან, რომელიც ჩართულია საგარეო ურთიერთობებში, ასევე, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან და პირველად ამბასადორიალის ფარგლებში - კერძო სექტორთან“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.