გია ვოლსკი:   NDI-ის კვლევის შედეგები ნდობას არ იმსახურებს

გია ვოლსკი: NDI-ის კვლევის შედეგები ნდობას არ იმსახურებს

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ NDI-ის კვლევის შედეგები ნდობას არ იმსახურებს.

“პირადად NDI-ის მიმართ არ არის რაიმე პრეტენზია. არის ორგანიზაცია, რომლის დაარსებაშიც მიხეილ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას აქვს მონაწილეობა მიღებული და რომელიც წლების განმავლობაში, ერთი და იმავე წარმატებით ატარებს ამ კვლევებს. ამ ორგანიზაციის საფუძველი და ბაზა იმ პერიოდიდან მომდინარეობს. 2012 წლის შემდეგ კვლევითი ორგანიზაციის ავტორიტეტი საკმაოდ შეიბღალა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი კვლევა ამასთან დაკავშირებით არ იმსახურებს სანდოობას. ყველაზე მეტ სანდოობას არჩევნეზე დათვლილი ხმები იმსახურებს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ვოლსკიმ.

მისივე შეფასებით, “არსებობს არა დიდი რაოდენობით გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, არამედ ამომრჩეველთა დიდ ნაწილს არ სურს, არა აქვს გამოკითხვებში მონაწილეობის მიღების განწყობა, ბევრს კი, საკუთარი პოზიციის გამოხატვა ნაადრევად მიაჩნია“.

როგორც ვოლსკი აცხადებს, ის სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, რაც NDI-ის კვლევებშია ასახული, “მთავრობას დეტალურად აქვს შესწავლილი და სრულად აქვს გააზრებული, რა მემკვიდრეობა მიიღო, რისი შეცვლა და გამოსწორება იყო შესაძლებელი მოკლე პერიოდში და რა უნდა გაკეთდეს მომავალში“.

“მთავრობის ყველა სტრატეგიული მიმართულება ორიენტირებულია იმისკენ, რომ პრობლემები მოაგვაროს. აბსოლუტურად გათვითცნობიერებული გვაქვს, თუ რასთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა ვოლსკიმ.