ოთარ სიჭინავა:  პაპუაშვილს არც ერთმა მოსამართლემ არ დაუდასტურა, რომ მათზე ზეწოლა ხორციელდება

ოთარ სიჭინავა: პაპუაშვილს არც ერთმა მოსამართლემ არ დაუდასტურა, რომ მათზე ზეწოლა ხორციელდება

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ოთარ სიჭინავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისთვის წერილით მიმართვა საჭირო გახდა.

ოთარ სიჭინავას ინფორმაციით, დღეს გავრცელებულ წერილში დასმული საკითხები ერთ-ერთ პროცესზე დაისვა.

"ერთ-ერთი საკითხი იყო, რომ ვიდრე გამოძიება არ დასრულდებოდა, საქმის განხილვა გადაგვედო, თუმცა იმ ეტაპზე, აღნიშნული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, საქმის განხილვა გაგრძელდა. მოსარჩელის მხრიდან, საკმაოდ მიუღებელ ფორმებში სხვა შეკითხვები დაისვა. ბატონმა გიორგი პაპუაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ კონკრეტულ მოსამართლეზე ზეწოლა ხორციელდებოდა. სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა ის, რომ ჩვენ ეს წერილი შევადგინეთ და თავმჯდომარეს მივმართეთ, რათა სამომავლოდ, ყველა კითხვის ნიშანი გამქრალიყო",- აცხადებს ოთარ სიჭინავა.

მოსამართლე მიიჩნევს, რომ ვიდრე კითხვებს პასუხი არ გაეცემა, ზოგადად, რაიმე გადაწყვეტილების მიღებას, წინაღობა უდგას წინ.

"ჩვენ არ ვიცით, რაზეა საუბარი, გამოდის, რომ სათათბიროში ერთ-ერთ მოსამართლეზე ზეწოლა ხორციელდება. ბატონმა გიორგიმ პლენუმზე დასვა კითხვა - ხორციელდება თუ არა რომელიმე თქვენგანზე ზეწოლა? არც ერთმა მოსამართლემ არ დაადასტურა ფაქტი, რომ მასზე, რაიმე ზეწოლა ხორციელდება. მე თქვენც გიდასტურებთ, რომ ჩემზე არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ბატონმა გიორგიმ რამე თუ იცის, პროკურატურას ეს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, მაგრამ ვიდრე პროკურატურა დასკვნას არ დადებს, განცხადებების ფაქტობრივ გარემოებებთან და სხვა საკითხთან დაკავშირებით, მიმაჩნია, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც მომავალში მივიღებთ.

ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტი უფრო მაღლა უნდა იდგეს, მიუხედავად იმისა, ვის მოსწონს, ან არ მოსწონს მიღებული გადაწყვეტილებები. მთავარია, ეს გადაწყვეტილება იყოს სამართლიანი, დასაბუთებული და კანონიერი.

ჩემი აზრით, ხელოვნურად ქმნიან სასამართლოს ირგვლივ გარკვეულ უცნაურ ფონს, რომლის გამოც მთლიანად, სასამართლო ეჭვქვეშ დგება, რაც ჩემთვის სრულიად მიუღებელია",- განაცხადა მოსამართლემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს ხუთმა მოსამართლემ სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს წერილით მიმართეს.

მოსამართლეები წერილში ითხოვენ, რომ იმგვარად იქნეს განსაზღვრული საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მუშაობის დღის წესრიგი, რომ საქმეების განხილვა/გადაწყვეტის პროცესი მაქსიმალურად მიახლოებული იყოს იყოს რიგითობის და თანმიმდევრობის პრინციპთან

ასევე, უზრუნველყოფილ იქნეს მოსამართლეებისათვის ნორმალური სამუშაო ვითარების შექმნა, ჩვენი აზრის გაუთვალისწინებლად, ერთპიროვნულად და ფორსირებულად არ ხდებოდეს საკოსტიტუციო სასამართლოს საქმეთა განხილვის განრიგის მართვა/შედგენა. 

"ასევე, მსგავსად კოლეგისისა, რომელსაც ამ საქმეებზე დასჭირდა რამდენიმეთვიანი ვადა, პლენუმს მიეცეს მსგავსი გონივრული(არანაკლებ იმ დროისა, რაც სწორედ ამ საქმეებზე  ჰქონდა კოლეგიას) ვადა საქმეების შესწავლისა და გაანალიზებული გადაწყვეტისათვის და ხელოვნურად არ მოხდეს მისი შეზღუდვა დროში, გადაწყვეტილებების მიღების დაჩქარების კუთხით. (ასე მაგალითად, მაშინ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს 1-ელ კოლეგიას #679-ე სარჩელზე (რუსთავი2-ის სარჩელი) საქმის განხილვას მოანდომა დაახლოებით 7 თვეზე მეტი დრო, ხოლო ამის შემდეგ კი ეს საქმე უკვე გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, ამ უკანასკნელს ლოგიკურია, რომ ამ საქმის გადაწყვეტისთვის მიეცეს არანაკლებ იმ დროისა, რაც კოლეგიას დასჭირდა  და ხელოვნურად არ ხდებოდეს საქმის განხილვის მაქსიმალურად დაჩქარება და შესაბამისად ამისათვის დაძაბული ფონის შექმნა).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის 2016 წლის 21 ივლისის განცხადების შემდეგ(რომელშიც მან ისაუბრა  მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტების ირგვლივ) საჭიროდ მიგვაჩნია ე.წ. პოლიტიკური ნიშნის მატარებელ ყველა საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო დაელოდოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან ამ საკითხის სრულყოფილად შესწავლას და ამ საქმეების გადაწყვეტა მხოლოდ მას შემდეგ, როცა გადამოწმდება და დასრულდება სათანადო ორგანოების მხრიდან სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაში მოყვანილი ზეწოლის ფაქტების სინამდვილე, რათა გამორიცხულ იქნეს ყოველგვარი ეჭვები მოსამართლეების მიუკერძოებლობასა და ობიექტურობასთან დაკავშირებით",- აღნიშნულია მოსამართლეთა წერილში.