ევა გოცირიძე არ არის საუკეთესო კანდიდატი, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს საქართველოს სტრასბურგში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განუცხადა.
გიგაური მიიჩნევს, რომ სტრასბურგში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში ნანა მჭედლიძის ევა გოცირიძით ჩანაცვლება, როგორც პროცედურულად, ისე გამჭვირვალობის მხრივ პრობლემური გადაწყვეტილებაა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ იყო საუკეთესო კანდიდატი, რომელიც შეიძლებოდა წარდგენილი ყოფილიყო სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან. ჩვენ გვგონია, რომ ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდა ამ კომისიის მუშაობას, რომელმაც შეარჩია საბოლოო კანდიდატები. გადაწყვეტილება იყო პოლიტიკურად მოტივირებული, იმ კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით, რომლებიც საბოლოოდ წარადგინეს. ამ შემთხვევაშიც ვხედავთ პრობლემას იმიტომ რომ თუკი შევხედავთ კომისიის დებულებას, ვნახავთ, რომ კომისიას უნდა შეერჩია ხუთი კანდიდატი. ამ ხუთიდან მთავრობას უნდა შეერჩია სამი და შემდეგ უნდა წარედგინათ სამი კანდიდატი. ევა გოცირიძის ჩანაცვლება, ასეთი ქმედება ამ დებულებით საერთოდ არ არის გათვალისწინებული“, - განაცხადა გიგაურმა.
მისივე თქმით, თუკი ვსაუბრობთ დაბალანსებულობაზე, რომ უნდა ყოფილიყო ქალი კანდიდატი, მაშინ კომისიის მიერ შერჩეულ ხუთეულში სხვა ქალ კანდიდატებს უკეთესი შეფასებები ჰქონდათ.