არც მმართველ პარტიას და არც მთავარ ოპოზიციურ ძალას სატრაბახო დიდი არაფერი აქვს

არც მმართველ პარტიას და არც მთავარ ოპოზიციურ ძალას სატრაბახო დიდი არაფერი აქვს

არც მმართველ პარტიას და არც მთავარ ოპოზიციურ ძალას სატრაბახო დიდი არაფერი აქვს, - ასე გამოეხმაურა ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე NDI-ის კვლევებს.

სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ მოსახელობა ნიჰილიზმითაა შეპყრობილი და უკვე არც ერთი პარტიის არ სჯერა.

”მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ჯერ გარკვეული არ არის, რაც ნიშნავს იმას, რომ მისთვის დღეს არც ერთი პარტია არ არის მისაღები. არჩევნებამდე 2 თვით ადრე მოსახლეობის დიდი უმრავლესობა იმედგაცრუებულია”, - განაცხადა ცინცაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ ”ქართულ ოცნებას” გამოკითხულთა 17% მისცემს ხმას, პოლიტოლოგის შეფასებით, ეს არის სწორედ სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები და მათი ახლობლები.

”ეს 17% არის ბიუროკრატია. ეს არის სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები და მათი ახლობლები. გამოდის, რომ მმართველ პარტიას მხარს უჭერს მხოლოდ დაინტერესებული ძალები, ანუ ისინი, რომლებსაც ეშინიათ, რომ მმართველო პარტიის დამარცხების შემთხვევაში სამსახურს დაკარგავენ”, - განაცხადა ცინცაძემ.

კვლევის თანახმად, ”ნაციონალური მოძრაობის” 13%-იან მხარდაჭერას, სოსო ცინცაძე აღნიშნული პარტიის რეიტინგის ვარდნას უწოდებს.

”ბოლო 2 არჩევნებში - საპრეზიდენტო და ადგილობრივში ”ნაციონალურ მოძრაობას” 20%-იანი მხარდაჭერა ჰქონდათ. ჩემთვის უფრო გასაგები იქნებოდა, ”ნაციონალურ მოძრაობას” მაშინ ცხელ გულზე, წაგებული არჩევნების შემდეგ 13%-მიეღოთ და დღეს უფრო მეტი ზრდა ჰქონოდათ. ”ნაციონალებისთვის” განგაშის ზარია, რომ უშუალო დამარცხების შემდეგ უფრო მეტი მომხრე ჰყავდათ მათ, ვიდრე ამ 4 წლის მანძილზე, როდესაც ხელისუფლების პოპულარობა წამიდან წამამდე ეცემოდა”, - განაცხადა ცინცაძემ.

რაც შეეხება ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ მოსახლეობას, პოლიტოლოგის თქმით, ჯერ არ ყოფილა მსოფლიო პრაქტიკაში, რომ ჩამოუყალიბებელ მოსახლეობას ხმა მმართველი პარტიისთვის მიეცა.

”მთლიანობაში ნეიტრალური მაყურებლისთვის ყველაფერი ეს მაინცდამაინც სახარბიელო სურათს არ ქმნის თვითონ ქვეყანაზე. ეს არ ნიშნავს სტაბილურობას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ 4 წელი ქვეყნისთვის წარმატებული იყო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღეს ხალხი უკეთესაც ცხოვრობს, ვიდრე 4 წლის წინ”, - განაცხადა ცინცაძემ და დასძინა, რომ არც მმართველ პარტიას და არც მთავარ ოპოზიციურ ძალას დიდი არაფერი სატრაბახო არ აქვთ.

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% იმ ამომრჩევლებიდან, რომლებიც არჩევნებზე წასვლას გეგმავენ და გადაწყვეტილი აქვთ, ვის დაუჭერს მხარს, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ხმას “ქართულ ოცნებას“ მისცემდა, ხოლო 26% - "ნაციონალურ მოძრაობას“.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 10%-მა პასუხზე უარი განაცხადა, 7% - "პატრიოტთა ალიანსს" მისცემდა ხმას, 6%-მა არ იცის, 6%-ხმას მისცემდა მოძრაობას "სახელმწიფო ხალხისათვის, 2% - არც ერთ პარტიას, ხოლო სხვა პარტიებს გამოკითხულთა 11 % მისცემდა ხმას.

რაც შეეხება უშუალოდ შეკითხვას, ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, დადებითი პასუხი რესპონდენტთა 67 %-მა გასცა. 33 %-ს შეადგენს, ვინც სავარაუდოდ არ აპირებს არჩევნებზე წასვლას. ამასთან, გამოკითხულთა 57%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემდა ხმას არჩევნებზე.