კვლევამ გამოავლინა, რომ ხელისუფლების მთავარი პრობლემა არა ”ნაციონალური მოძრაობა”, არამედ იმედგაცრუებული ამომრჩეველია, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის კომენტირებისას განუცხადა.
”ამ დროს ძირითადად მჯერა-არ მჯერას ტერმინოლოგიით მსჯელობს, მე არ მინდა ასე გავაგრძელო. შესაბამისად, ალბათ უფრო სამ ძირითად ტენდენციაზე გაავამახვილებდი ყურადღებას, რაც კანონზომიერია იმ პოლიტიკური პროცესის ლოგიკასთან მიმართებაში, რასაც ვაკვირდებით. პირველი - ეს გახლავთ, რომ ”ქართული ოცნება” და ”ნაციონალური მოძრაობა” ჯამურად ვერ აყალიბებენ ხელისუფლებას, ანუ ჯამში, ორივე ერთად ვერ პასუხობენ ამომრჩევლის უმრავლესობის გემოვნებას და შიგნით როგორ ნაწილდებიან, ეს ნაკლებად საინტერესოა. მეორე - უმრავლესობა ეძებს მესამე არჩევანს, ამომრჩევლის უმრავლესობის გემოვნებას ვერ პასუხობს პოლიტიკური ელიტიდან ვერავინ, მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩევლებს სურთ არჩევნებზე წასვლა, ისინი ვერ პოულობენ ღირსეულ კანდიდატს და თუ ასეთი არჩევანი იქნა შეთავაზებული საბოლოო ჯამში, შეიძლება ამან სურათი რადიკალურად შეცვალოს. და მესამე, რაც შემაშფოთებელია და რაც შეიძლება გავიზიაროთ არის, რომ ძალიან მაღალია ნეგატიური არჩევანის მაჩვენებელი. მხედველობაში მაქვს, ”ნაციონალური მოძრაობის” კატეგორიულად მიღებელი მაღალი მაჩვენებელი და ”ქართული იცნების” კატეგორიულად მიუღებლობა. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში, აგრესიული პროტესტის მოლოდინი არის ძალიან მაღალი. ეს ნიშნავს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც მათთვის მიუღებელი არჩევანის შემთხვევაში შეიძლება პირობითად, ქუჩაში გამოვიდნენ აქტიური პროტესტის გამოსახატად”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა და დასძინა, რომ შემაშფოთებელია, როდესაც პარტიებს აქვს ასეთი ნეგატიური რეიტინგი.
მისივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ სისტემური პრობლემები.
”ხელისუფლების მთავარი პრობლემა ”ნაციონალური მოძრაობა” კი არ არის, არამედ ამომრჩეველი, რომელსაც აღარ მოსწონს ხელისუფლება, იმედგაცრუებულია და მის მიმართ საკმაოდ აგრესიულად არის განწყობილი. ჯობია, ამ პრობლემას მიხედონ, ვიდრე მუდმივად ”ნაციონალების” პრიზმაში უყურებდნენ პოლიტიკურ ცხოვრებას”, - აღნიშნა ხუხაშვილმა.
”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 17% ხმას ”ქართულ ოცნებას” მისცემდა, ხოლო 13% - ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”.
ამავე კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 38%-მა არ იცის, 14%-მა პასუხზე უარი განაცხადა, 5% არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, 4% - მოძრაობას ”სახელმწიფო ხალხისათვის”, 3% - პატრიოტთა ალიანსს, ხოლო სხვა პარტიებს - 7%.
რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, წავიდოდნენ თუ არა არჩევნებზე, გამოკითხულთა 76 % აცხადებს, რომ სავარაუდოდ წავიდოდა, ხოლო - 33 - არა.